დავით ბაქრაძე - ქობულია პარლამენტში უნდა მოვიდეს არა პირად თემებზე საჭორაოდ, არამედ განსამარტად, რატომ უშლიდნენ ხელს ეკონომიკის განვითარებაში
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, კაკულიამ ღიად განაცხადა, რომ კომიტეტის მუშაობას აზრი და უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მაშინ, თუ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრთა უმეტესობა ესწრება, ხოლო თუ ისინი სხდომაზე არ გამოცხადდებიან, ე.ი. კომიტეტის მუშაობას აზრი არ აქვს.
„ეს პირდაპირ არის არა მხოლოდ რეგლამენტის დარღვევა, არამედ დამოკიდებულების გამოხატვა ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მიმართ. ქობულია პარლამენტში უნდა მოვიდეს არა მის პირად თემებზე საჭორაოდ, არამედ იმ განცხადების გასამართად, სადაც თქვა, რომ მას ეკონომიკის განვითარებაში ხელს უშლიდნენ. ქვეყნის მთავარი პრობლემა ეკონომიკა, გაჭირვება და სიღარიბეა და ქობულიას პოზიცია უნდა მოვისმინოთ, მას პრობლემების მოგვარებაში ხელს ვინ უშლიდა”, – განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო. მიზეზი კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას დაბარების საკითხი იყო. როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, სხდომის შეწყვეტის უფლება ჰქონდა. მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას მოსმენის აუცილებლობას ვერ ხედავს.