დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, ოპოზიციის ლიდერები და მთელი საზოგადოება მოატყუოს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას, ოპოზიციის დაშლისა და ლიდერების მოტყუების მცდელობად აფასებს.
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა. ამასთან, „ქართული ოცნება“ არ დააყენებს თავის კანდიდატებს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი.
დავით ბაქრაძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება არის ორმაგი მოტყუების მცდელობა.
„პირველ რიგში, ცდილობენ, მოატყუონ ოპოზიციის ლიდერები და უთხრან – მოდი, თუ არ მიიღებ პროტესტებში მონაწილეობას, ჩვენ მოგიკვარახჭინებთ საქმეს ისე, რომ პარლამენტში იქნებით, ანუ ეს არის ოპოზიციის დაშლისა და ლიდერების მოტყუების მცდელობა. რაც უფრო უარესია, არის მთელი საზოგადოების მოტყუების მცდელობა, რადგან ეს უკვე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს მთაწმინდაზე, როდესაც ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აარჩევინა მთაწმინდელებს. 2020 წელს აპირებენ, მთელ საქართველოში აარჩევინონ ბევრი სალომე ზურაბიშვილი, მოატყუონ ხალხი, თითქოს ეს არის „ოცნებისგან“ დამოუკიდებელი ფლანგი ან პოლიტიკური პარტია და შემდეგ ბევრი ზურაბიშვილით ივანიშვილს და „ოცნებას“ პარლამენტში ჰყავდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ შეთავაზებით არავინ მოტყუვდება.
ამასთან, როგორც დავით ბაქრაძე ამბობს, გაგრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც მშვიდობიან ფორმებს არ გასცდება.
„გეგმა არის, რომ იყოს მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტები და იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქციას დაარბევენ პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენებით, მომიტინგეების მხრიდან არ იქნება წინააღმდეგობა პოლიციის მიმართ, რადგან ეს უნდა იყოს ხაზგასმით მშვიდობიანი“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
მისი აზრით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც გერმანულ მოდელს ეფუძნება, საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება და მის მისაღებად მხოლოდ 76 ხმა არის საჭირო.
„თუ მართლა მაჟორიტარები აწუხებდათ, ჩვენ მიერ შემუშავებული სისტემით მაჟორიტარები რჩებიან, ოღონდ იქნება მთავარი პრინციპი გერმანული მოდელის, რომ ვერც ერთი პარტია ვერ შეიყვანს იმაზე მეტ დეპუტატს პარლამენტში, ვიდრე არის მის მიერ აღებული ხმების რაოდენობა“, – განმარტა დავით ბაქრაძემ.
დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული მოდელის მიღება წლის ბოლომდე არის შესაძლებელი და ის შექმნილი პოლიტიკური ვითარების განმუხტვას შეუწყობს ხელს.
ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს, რომელიც მათი ინფორმაციით, მზად არის პარლამენტში ინიცირებისთვის. „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს და უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას, ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას. ახალი მოდელით, პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, თუმცა საუბარია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე.