დავით ბაქრაძე - პროპორციული სისტემა საზოგადოების გამარჯვებაა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს საბაბი, უკან გაიხმოს ეს ინიციატივა
დავით ბაქრაძე - პროპორციული სისტემა საზოგადოების გამარჯვებაა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს საბაბი, უკან გაიხმოს ეს ინიციატივა

პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, რომელიც დაწყებისას დატოვეს, კენჭისყრების დროს დაბრუნდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის საკითხზე კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განმარტა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებისა და ახალგაზრდების მიღწევაა და ეს ინიციატივა არ უნდა ჩავარდეს.

„კენჭისყრაზე დადგა საკითხი, რომელიც არის საზოგადოებრივი პროგრესის მიღწევა და იმ ახალგაზრდების მიღწევა, ვინც ახლა გიორგი გახარიას ნომინირებას აპროტესტებს. ეს საკითხი შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ახალგაზრდების დიდი მიღწევა და წარმატება. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, არ მივცეთ უმრავლესობას არანაირი საბაბი, რომ ეს ინიციატივა ჩავარდეს ან შეფერხდეს, ვინმემ დააბრალოს, რომ ოპოზიციის ხმების უქონლობის ან ხმების ნაკლებობის გამო, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ ხდება, ამიტომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამ ერთ კონკრეტულ კენჭისყრაში, რომელიც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის კომისიის შექმნას და ამით გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას საზოგადოების ყველაზე დიდი მიღწევის მიმართ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი შეფასებით, პროპორციული სისტემა არის საზოგადოების გამარჯვება.

„ჩვენ ვართ ვალდებული, როგორც ოპოზიცია, გვერდში დავუდგეთ საზოგადოებას და ყველაფერი გავაკეთოთ, ეს მიღწევა არ იყოს უკან გაწვეული და ჩავარდნილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს საბაბი, უკან გაიხმოს ეს ინიციატივა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 118 ხმით დაამტკიცა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კომისიის ფორმირების შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 13 წევრისგან შედგება. კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე); პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე; დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

ამასთან, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს. პლენალური სხდომის დაწყებისას მათ დარბაზში პროტესტი გამოხატეს, რის შემდეგაც დარბაზიდან გავიდნენ.