საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნება
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნება

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნება.

კომისიის შექმნის მიზნით, დადგენილების პროექტი ბიუროს ხვალინდელ სხდომას წარედგინება.

დადგენილების პროექტით განსაზღვრულია კომისიის შემადგენლობა და აღნიშნულია, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 13 წევრისგან შედგება.

კერძოდ, კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე); პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე; დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

აღნიშნული კომისია იმსჯელებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება. ამასთან, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაკონკრეტდება, აღნიშნული კომისია განიხილავს 200 ათასი ამომრჩევლის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხება, თუ საჭირო იქნება ახალი კომისიის შექმნა.