დავით ბაქრაძე - პრეზიდენტს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებისთვის, ამ ფონზე კი, მისი ხარჯები იზრდება
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა მიანიშნებს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია, პიროვნული ლოიალობის ყიდვა და არა ის, რა შედეგი მოაქვს ამა თუ იმ თანამდებობის პირის საქმიანობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა, რომელიც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.
„ზიანის მომტანი იყო ის, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ აარჩევინა საზოგადოებას პრეზიდენტად. ზიანის მომტანი იყო მისი საგარეო აქტივობები, რომელმაც დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემები მოგვიტანა. ზიანის მომტანია ასევე მისი აქტივობები, რომელიც შეწყალების უფლებას უკავშირდება და მავნებლურად და არადანიშნულებისამებრ იყენებს. ზიანის მომტანია მორატორიუმის გამოცხადება შეწყალებაზე, რადგან ქვეყანაში ათასობით პატიმარი არსებობს, რომელსაც კონსტიტუციური უფლება აქვს, შეწყალების იმედი ჰქონდეს და შეწყალებული იყოს. სალომე ზურაბიშვილს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესს მოემსახურებოდა. ამ ფონზე, მისი ხარჯების გაზრდა ვალის აღებით ხდება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა და ჩვენმა შვილებმა უნდა გადავიხადოთ. მთავრობა დამატებით 500 მილიონ ლარიან ვალს იღებს, საიდანაც ნაწილი ზურაბიშვილის მეტი კომფორტისთვის და კეთილდღეობისთვის დაიხარჯება”, – განაცხადა ბაქრაძემ.
2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. მთავრობის განმარტებით, ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით.
პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების კანონპროექტი გუშინ წარედგინა.