დავით ბაქრაძე - პრეზიდენტის ღონისძიება არსებული ფორმატით დეპოლარიზაციას ვერანაირად ვერ მოემსახურება, შესაბამისად, მისვლას არ ვაპირებ
დავით ბაქრაძე - პრეზიდენტის ღონისძიება არსებული ფორმატით დეპოლარიზაციას ვერანაირად ვერ მოემსახურება, შესაბამისად, მისვლას არ ვაპირებ

მზად ვარ, საქართველოს ევროპული სტატუსისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ პრეზიდენტის ღონისძიებაში მონაწილეობის შინაარსს ვერ ვხედავ. შესაბამისად, მისვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ამასთან, ბაქრაძეს შეფასება სთხოვეს, რამდენად შეიძლება იყოს აღნიშნული ღონისძიება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ბაქრაძის თქმით, არსებული ფორმატით ეს ღონისძიება დეპოლარიზაციას ვერ მოემსახურება.

„სამწუხაროდ, არსებული ფორმატით ეს ღონისძიება დეპოლარიზაციას ვერანაირად ვერ მოემსახურება, ვინაიდან, ერთი მხრივ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებენ ყოფილი თანამდებობის ძალიან მნიშვნელოვანი პირები, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები, მეორე მხრივ, ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობს მოქმედი ხელისუფლება. ამიტომ, დეპოლარიზაციის ნაცვლად, ეს ღონისძიება მხოლოდ ხაზს გაუსვამს, როგორი უფსკრული არსებობს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. ბუნებრივია, მზად ვარ, საქართველოს ევროპული სტატუსისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ამ კონკრეტულ ღონისძიებაში ამ ფორმატით მონაწილეობის შინაარსს ვერ ვხედავ. შესაბამისად, მისვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას გამართავს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „ჩვენი ხმა ევროპას“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ამასთან, ღონისძიებაზე მიწვეული არიან ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები. „ეს არის ის კონსენსუსი, დეპოლარიზაცია და ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება, რათა ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.