დავით ბაქრაძე - ოპოზიციურ პარტიებში ერთმნიშვნელოვანი გაგება არსებობს, რომ შეთანხმების შესრულება მხოლოდ ორივე ნაწილის შესრულებას ნიშნავს
„ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში არიან შეკრებილნი, იმსჯელებენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის მთავარი საკითხი 8 მარტის შეთანხმების მიმდინარეობა იქნება.
მისივე თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მხარე უნდა შესრულდეს.
„აბსოლუტურად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი გაგება არსებობს ოპოზიციურ პარტიებში, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან და ორივე ნაწილში შესრულება ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მის შესრულებას. ეს ორი ნაწილი არის პოლიტიკური დევნის ნაწილი და საარჩევნო პროპორციების ნაწილი.
იგივე გაგება და მოლოდინი არსებობს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან და დღეს პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სწორედ ასე ვხედავთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში. ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელიც გახსნის სივრცეს ნორმალური პოლიტიკური კლიმატის და პოლიტიკური ურთიერთობის ამ ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ საარჩევნო მზადების საკითხებზე. გავაგრძელებთ მსჯელობას მაჟორიტარი კანდიდატების კორდინირების თემაზე, რომელიც უკვე დაწყებულია.
ასე, რომ, ძალიან ბევრი საკითხია, თუმცა მთავარი საკითხია ის ცალსახა მოლოდონი, რომელიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ეს შესრულება მოიცავს ორივე ნაწილს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის განცხადებით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შეთანხმება არ შესრულდეს.
„ეს იქნება ძალიან ცუდი, მე ამას პირდაპირ ვამბობ, მაგრამ ეს იქნება ის გზა, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ჩვენ ვხედავთ, რომ 8 მარტის შეთანხმების მანიპულირების შედეგად, ხელისუფლება მივიდა იმ ვითარებამდე, როდესაც ევროპარლამენტის წევრები, კონგრესის წევრები, უკვე პირდაპირ და ღიად იყენებენ ტერმინს – პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირ ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას.
ასეთი რამ წარსულში არასდროს ყოფილა. საკუთარი მანიპულირებით, საკუთარი ტყუილით, „ქართული ოცნება“ ყველა ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება ჭაობში. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი. გამოსავალი არის შეთანხმების შესრულება ორივე ნაწილში, როგორც ამას ითხოვენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, როგორც ამას ითხოვს და ელოდება ქართული საზოგადოება. როგორც კი დავინახავთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯები შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, ჩვენ მზად ვიქნებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც არის ჩვენი ვალდებულება, მათ შორის მხარი დავუჭიროთ საარჩევნო პროპორციების საკითხს“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.