დავით ბაქრაძე - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით რუსეთი დაკარგავს საკუთარ გავლენას
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით რუსეთი კიდევ უფრო დაკარგავს საკუთარ გავლენას და რაც მთავარია, საქართველო იქნება დაცული, უსაფრთხო ქვეყანა, როგორც დღეს არიან ევროპული ქვეყნები.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პუტინის განცხადება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, მიმართულია იმისკეს, რომ არ დაუშვას საქართველოს დაცულობა.
„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოჰყვება ზუსტად იგივე შედეგი, რაც მოჰყვა აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას. კერძოდ, რუსეთი კიდევ უფრო დაკარგავს საკუთარ გავლენას და რაც მთავარია, საქართველო იქნება დაცული უსაფრთხო ქვეყანა, როგორიც დღეს არიან ევროპული ქვეყნები. პუტინის მთელი ეს განცხადებები და შანტაჟი მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ არ დაუშვას საქართველოს დაცულობა, არ დაუშვას საქართველოს წარმატება, არ დაუშვას საქართველოს შესვლა ევროატლანტიკური ქოლგის ქვეშ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწორედ იმის გაკეთება, რაც არ უნდა რუსეთს – საქართველოს ნატო-ში შეყვანა და ამ გზით ამ ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა”, – განაცხადა დავით ბარქაძემ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.