დავით ბაქრაძე - მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერს, არაფრის მთქმელი ისტორიული წიაღსვლების ნაცვლად, კონკრეტული პასუხი გასცენ პუტინის პრეტენზიას
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის დამახინჯება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორიასთან, ჩვენს ეროვნულ ღირსებასთან ბრძოლა, ეს არის უაღრესად საშიში პოლიტიკური მეთოდი და გზავნილი, რომლითაც ის ცდილობს, გაამართლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნა, პუტინი ცდილობს, ისტორიის დამახინჯებითა და გაყალბებით, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ქართველები არიან აგრესორები, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს ყოფილა საქართველო და რუსეთი არის მხოლოდ მშვიდობისმყოფელი, რომელმაც დაიცვა მცირე ხალხების უფლებები.
„ეს არის ტყუილი და ეს არის უაღრესად საშიში და მავნებლური განცხადება, მათ შორის პოლიტიკური განცხადება, რომელიც პირდაპირ ებრძვის საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული იყოს მკაფიო და ნათელი პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით. დღეს პუტინი იყენებს ისტორიას გენოციდის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გასამართლებლად. ჩვენი პასუხი უნდა იყოს, პირველ რიგში, პოლიტიკური, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის აგრესორი და ვერანაირი ისტორიის გაყალბება რუსეთს ვერ უშველის საკუთარი აგრესიისა და ოკუპაციის გასამართლებლად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი, ეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი და ამიტომ მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრსაც, ზოგადი და არაფრის მთქმელი ისტორიული წიაღსვლების ნაცვლად, კონკრეტული პასუხი გასცენ პრეზიდენტ პუტინის პრეტენზიას, რომელიც ვიმეორებ, უაღრესად საშიშ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ის ისტორიის გაყალბებით ცდილობს აწმყოს გამართლებას და ჩვენი მომავლის დანგრევას. ამის საშუალება მას უპასუხოდ არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.