ხელისუფლებამ მიიღო სრულიად ლეგიტიმური პროტესტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქცია არ არის პარტიული აქცია.
„პროტესტი, რომელიც მიიღო დღეს ხელისუფლებამ ხალხისგან, არის სრულიად ლეგიტიმური და კანონიერი, ვინაიდან აქ დღეს არ არის მოსული პარტიული აქტივი, ეს არ არის პარტიული აქცია. აქ მოსულნი არიან ადამიანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა მათი ეროვნული თავმოყვარეობის შელახვა, ვისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ინსტიტუციების დანგრევა, რისი კულმინაციაც იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობა დეპუტატ გავრილოვისთვის, ამიტომ ხელისუფლებამ მიიღო სრულიად ლეგიტიმური პროტესტი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, სიტუაცია რომ გამწვავდა და პროტესტმა კიდევ უფრო მწვავე ფორმა მიიღო, ესეც არის ხელისუფლების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების შედეგი.
„მთელი დღის განმავლობაში, როდესაც ეს ხალხი ითხოვს ცვლილებებს, მათ ვერ მიიღეს ვერანაირი პასუხი, გარდა ლუღლუღით და ცინიკურად მოხდილი ვითომ ბოდიშისა და ვითომ მოთქმისა, რომ ვაიმე როგორ აღმოჩნდა გავრილოვი დარბაზში. როგორც აღმოჩნდა, ყველამ ვიცით, ჩამოიყვანეს საქართველოში, შეიყვანეს და დასვეს იმ სავარძელში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.