დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ
აქციები აუცილებლად გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ შემოგვთავაზებს გამოსავალს მათივე შექმნილი კრიზისიდან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაქრაძის თქმით, ვიდრე დღეს არსებული კრიზისიდან გამოსავალი არ მოიძებნება, პროტესტი გაგრძელდება.
„აქ არიან აქტივისტები, ახალგაზრდები, ვართ ოპოზიციის ლიდერებიც, ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, რომ სიმშვიდე და წესრიგი იყოს. ვფიქრობთ, რომ პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ შემოგვთავაზებს გამოსავალს მათივე შექმნილი კრიზისიდან.
დღეს იყო პირველი ღამე, მაგრამ რამდენი ღამეც არ უნდა დაგვჭირდეს, არც ახალგაზრდები, არც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არავინ აპირებს დაშლას და სახლში წასვლას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ერთად ღრმა კრიზისში შეგვიყვანა. ვიდრე გამოსავალი არ მოიძებნება კრიზისიდან, მანამდე პროტესტები გაგრძელდება. კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები აქციის დაშლას ძალის გამოყენებით აპირებდნენ. ბაქრაძე აცხადებს, რომ იმედი აქვს, აქციის მონაწილეების მისამართით ხელისუფლება ძალას არ გამოიყენებს.
„იყო ინფორმაცია, რომ ძალის გამოყენებას აპირებდნენ, თუმცა ჯერ სიმშვიდეა. აქციაც მშვიდად მიმდინარეობს, აბსოლუტურად მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. გუშინდელი აქციის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან კარავი აქვთ გაშლილი.
აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.