დავით ბაქრაძე - გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ „ქართულ ოცნებას“ არსებული სისტემით არჩევნების ჩატარებისა და გამარჯვების შესაძლებლობა არ მივცეთ
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ 2020 წლის არჩევნები ყალბდება დღეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია იქნება მკვეთრი და რადიკალური.
„ყველას, ვისაც აწუხებს ამ ქვეყნის მომავალი, ქვეყნის სტაბილურობა, ყველას, ვისაც აწუხებს, როგორ პირობებში იცხოვრებს მისი ოჯახი და მისი შვილების მომავალი ოთხი და კიდევ ბევრი წლის განმავლობაში, უნდა ესმოდეს, რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა ახლა. თუ „ოცნებას“ მივეცით საშუალება, გაიტანოს ეს სისტემა, თუ „ოცნებას“ მივეცით საშუალება, დღესვე გვითხრას, რომ დიახ, თქვენი გვერდის ავლით მე მოვიგებ 2020 არჩევნებს, საქართველოს მომავლის პერსპექტივა აღარ ექნება. ამიტომ ჩვენი პოზიცია შექმნილ ვითარებაში იქნება ძალიან მკვეთრი და რადიკალური. ივანიშვილმა პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკურ პარტიებს სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი, არსებული სისტემით არჩევნების ჩატარების და გამარჯვების შესაძლებლობა არ მივცეთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, დღეს პარლამენტთან დაგეგმილი აქცია არ იმართება პოლიტიკური სისტემის ან პოლიტიკური პარტიების დასაცავად.
„დღეს პარლამენტთან მივდივართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი ცხოვრება, ჩვენი მომავალი, რომ უარი ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც შეგვიყვანა სიღარიბეში და უბედურებაში. ჩვენ „ევროპული საქართველო“ მთელი შემადგენლობით ვიქნებით წარმოდგენილი საპროტესტო აქციაზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.