დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველოს“ ამოცანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლა იქნება
„ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც პარტიის პრესსამსახურიდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, პოლიტსაბჭოს წევრებმა პოლიტიკური გეგმები განიხილეს, საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და ნებისმიერი საარჩევნო მოდელით არჩევნებში მონაწილეობის ჩათვლით.
როგორც პარტიაში აცხადებენ, „ევროპული საქართველო“ ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე რჩება და გუნდის ამოცანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლა იქნება.
„დღეს პარტიაში განვიხილეთ ჩვენი სამომავლო სტრატეგია და ბრძოლის გეგმები, „ევროპული საქართველო“ რჩება ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე და ჩვენი ამოცანა იქნება – მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს ახალი შეთანხმებული, თუ დღევანდელი სისტემა, მზად ვართ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. მიმდინარეობს კოორდინაცია და შეთანხმება ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე ოპოზიციაში. დღეს გავიარეთ კონკრეტული პარტიული აქტივობების გეგმა, ჩვენი კონკრეტული შიდა საკითხები, რომელიც შეეხება სიის ფორმირებას, მაჟორიტარების დასახელებას. მინდა გითხრათ, რომ პარტიაში არის ერთსულოვნება, ყველა მზად არის საბრძოლველად და ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად, მშვიდად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ის გუნდი, რომელმაც უკუსვლის და პრობლემების მეტი ვერაფერი ვერ მოუტანა საქართველოს” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპულ საქართველოში“ შეხედულებების სრული თანხვედრაა.
„პოლიტსაბჭოზე ამ წლის ძირითადი გამოწვევები განვიხილეთ. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ როგორც ეფექტური საპროტესტო ტალღის ისე საარჩევნო კამპანიის დაგეგმვას. „ევროპულ საქართველოში“ შეხედულებების სრული თანხვედრაა და ვაპირებთ საქმის ბოლომდე მიყვანას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.