დავით ბაქრაძე - აშშ-ს აქვს სერიოზული კითხვები საქართველოს შიდა დემოკრატიაზე, არჩევნებზე, სასამართლოსა და ანაკლიის პორტზე
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მართლაც აქვს სერიოზული კითხვები იმ თემებზე, რაც არის საქართველოს შიდა დემოკრატია, არჩევნები, სასამართლო და ისეთი სტრატეგიული პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პომპეოს გზავნილებში მკაფიოდ ჩანდა ორი ბლოკი – პირველი, ეს არის ამერიკის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს, ჩვენს უსაფრთხოებას, ნატო-ში გაწევრიანებას და ქვეყნის ერთიანობას, მეორე – არის საჯარო, ღია შეშფოთება და სიგნალი ხელისუფლებას ისეთ თემებზე, როგორიც არის არჩევნები, სასამართლო, პარლამენტის როლი და ანაკლიის პორტი.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საქმე ჩვენს მთავარ პარტნიორთან ძალიან კარგად მიდის, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმე კარგად არ მიდის. საქართველოს მომავლისთვის ორივე კარგია. რაც უკეთესად გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება იმ სიგნალებს, რომელიც ასე საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მით უკეთესი მათთვის, რადგან კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და როდესაც ასეთ პრესკონფერენციაზე უმაღლეს დონეზე ხდება საჯაროდ პრობლემური საკითხების დაფიქსირება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მართლაც აქვს სერიოზული კითხვები იმ თემებზე, რაც არის საქართველოს შიდა დემოკრატია, არჩევნები, სასამართლო და ისეთი სტრატეგიული პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სასამართლო სისტემისა და არჩევნების შესახებაც ისაუბრა. „მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამასთან, პომპეოს თქმით, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.