დავით ბაქრაძე - 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მდიდარი მთავრობისა და ღარიბი ხალხის ბიუჯეტია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არის მდიდარი მთავრობისა და ღარიბი ხალხის ბიუჯეტი.
საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტს „ევროპული საქართველოს“ ფორმატში განიხილავენ.
დეპუტატის თქმით, ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, საიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ გარდამტეხ ცვლილებებში, მთავრობამ კი, პარლამენტს წარუდგინა ბიუჯეტის პროექტი, სადაც არანაირი ცვლილება არ ხდება.
„დღევანდელი ბიუჯეტი ისევე, როგორც წინა წლებში, არის კარგად მცხოვრები მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი გააგრძელებს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, არ შეამცირებს სამთავრობო ხარჯებს და გამოსავალს არ მისცემს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას. ეს არის მდიდარი მთავრობის და ღარიბი ხალხის ბიუჯეტი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 31 ოქტომბერს მოხდება გარდამტეხი ცვლილება და მომავალი კოალიციური ხელისუფლება ბიუჯეტს ისე შეცვლის, რომ ბიუჯეტი ქვეყნის საჭიროებას ასახავდეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.