დავით ბაგრატიონის ადვოკატი - სასამართლო მთელი დღე არკვევდა, ვინ არის საქართველოს მეფე
სასამართლო მთელი დღე არკვევდა, ვინ არის საქართველოს მეფე, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამეფო ოჯახთან დაკავშირებული დავის განხილვის შემდეგ განაცხადა. ადვოკატი მოსარჩელე მხარეს, ანა ბაგრატიონ-გრუზინკის ოჯახს მოუწოდებს, სასამართლოში შეტანილი სარჩელი გაიტანონ, რადგან დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ დავა უსაფუძვლოა. ლევან ჩხეიძის თქმით, ტყუილია გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაცია, რომ გამოცემის ჟურნალისტი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუკავშირდა და თანხის სანაცვლოდ ბაგრატოვანთა ჯილდოს გადაცემაზე დაითანხმა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახმა ბრიტანულ გამოცემას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელის შელახვის მიზნით დეზინფორმაციის გამოქვეყნება დაუკვეთა.
„სასამართლომ მთელი დღე დაკარგა, გაერკვია, ვინ არის საქართველოს მეფე. საქართველო არის რესპუბლიკა და ოფიციალურად არ აღიარებს არისტოკრატიულ ტიტულებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო ჩიხშია შესული და დაადგა იმ გზას, რომელიც მისი საქმე არ არის. კერძოდ, ისტორიულ კვლევა-ძიებას. არადა, საქმე ძალიან მარტივია. ერთი ფიზიკური პირი მეორე ფიზიკურ პირს ედავება, შენ ჩემი სახელით უნებართვოდ ისარგებლეო. კეთილი ინებოს მოსარჩელე მხარემ და დაადასტუროს როდის, სად და რა ვითარებაში გამოიყენა ჩემმა მარწმუნებლმა მათი სახელი“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე იმსჯელეს. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. თავის მხრივ, დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი და სიხარულიძეა.
საკითხთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 11 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.