დავით ასათიანი - საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარი ნათლად ასახავს გამოწვევებს, რაც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაშია
საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარი ნათლად ასახავს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაშია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სასამართლო უნდა იყოს სანდო ქართული საზოგადოებისათვის და საქართველოს მოქალაქეებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა.
ასათიანის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე.
„ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა მრავალი პრობლემა და გამოწვევა, რაც სასამართლოს წინაშე დგას, მაინც პოზიტიური იყო ის ღია, გამჭირვალე პროცესი. მთელმა საზოგადოებამ ნახა, თუ რასთან გვაქვს საქმე, თუ სად ვდგავართ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხარისხის თვალსაზრისით და შესაბამისად, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი მომავალში. ყველამ დავინახეთ, რომ პრობლემები და გამოწვევები არის და ამას უნდა მთლიანად ქვეყნის და ყველა ინსტიტუტის, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადვოკატების მუშაობა, რომ ეს სასამართლო საბოლოოდ იქცეს ხარისხიან და სანდო ინსტიტუტად“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა მისაღებია, რადგან საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა.
„საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკა მისაღებია, ჩვენ ვართ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა, ანუ ქვეყანა, რომელშიც კლასიკური, ტრადიციული გაგებით დემოკრატია ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა. ეს
პრობლემები აქედან მომდინარეობს და ბუნებრივია, კრიტიკა მისაღებია.
საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარი ნათლად ასახავს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაშია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სასამართლო უნდა იყოს სანდო ქართული საზოგადოებისათვის და საქართველოს მოქალაქეებისათვის. ეს ღია პროცესი, რომელსაც მე ძალიან ვემხრობი, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, ამასთანავე ელემენტი იმისა, რომ გამოჩნდა პრობლემები და გამოწვევებიმ სახეზეა“, – განაცხადა ასათიანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა.
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანიმ და კლოდ კერნმა წუხილი და იმედგაცრუება გამოთქვეს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნაზე საქარველოს პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების, მათ შორის ასამბლეის რეკომენდაციების საწინააღმდეგოა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის საგარეო სამსახურმაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა.
მანამდე, საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც.
„ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომლებმაც ვერ წარმოაჩინეს ერთგულება მიუკერძოებლობისადმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.