დავით არახამია - ნატო-ს ქვეყნები არ არიან მზად, განიხილონ უკრაინის გაწევრიანება ხუთი-ათი წლის განმავლობაში, ჩვენ არ ვიბრძოლებთ ნატო-ს განაცხადისთვის, ვიბრძოლებთ შედეგისთვის და არა პროცესისთვის
ნატო-ს წევრი ქვეყნები არ არიან მზად, განიხილონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება უახლოესი ხუთი-ათი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ფოქსნიუსის“ კორესპონდენტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები არ არიან მზად, განიხილონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება უახლოესი ხუთი-ათი წლის განმავლობაში.
„ჩვენ არ ვიბრძოლებთ ნატო-ს განაცხადისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ შედეგისთვის და არა პროცესისთვის. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ რამდენიმე განსხვავებული მოდელი. მაგალითად, შეიძლება, იყოს პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, შესაძლოა გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ჩვენ ღია ვართ მსგავსი საკითხების ფართო წრეში განხილვისთვის, არა მხოლოდ რუსეთთან ორმხრივი დისკუსიების ფარგლებში, არამედ სხვა პარტნიორებთანაც“, – განაცხადა დავით არახამიამ.
„ხალხის მსახურის“ ლიდერი რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში არის რამდენიმე პრობლემური საკითხი, რაც ხელს უშლის მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.
„ერთადერთი ნაწილი, რომელზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომელთა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას რუსეთი დაჟინებით მოითხოვს. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა არახამიამ.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინის დელეგაცია არ არის მზად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე კომპრომისზე წასასვლელად. არახამიას თქმით, უკრაინული მხარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცეა.
„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სხვა დინამიური ვარიანტი, მაგრამ არა ამ ტერიტორიების აღიარება“, – განაცხადა არახამიამ.