ვიეტნამის ომის მონაწილე, სამხედრო მფრინავი, გადაიტანა ხუთწლიანი სამხედრო ტყვეობა და წამება, ექვსჯერ იყო სენატორი არიზონის შტატიდან, ორჯერ პრეზიდენტობის კანდიდატი, გადაიტანა თავის ტვინის ოპერაცია, თუმცა, საბოლოოდ სიმსივნემ დაამარცხა. სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ორი დღით ადრე მან მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ვიეტნამის ომი
ჯონ მაკკეინის მამა და ბაბუა სამხედრო საზღვაო ძალების ადმირალები იყვნენ. თავად კი, ვიეტნამის ომის დროს – ბომბდამშენის მფრინავი.
1967 წლის 26 ოქტომბერს მაკკეინი ჰანოის თავზე მიფრინავდა, როდესაც მისი თვითმფრინავის ფრთას რაკეტა მოხვდა. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. ჯონ მაკკეინი ჰანოის ტბაში ჩავარდა, საიდანაც ის ვიეტნამელმა სამხედროებმა ამოიყვანეს. მას ორივე ხელი და ფეხი ჰქონდა მოტეხილი.
ეს ხდებოდა ქალაქის ცენტრში, უამრავი ხალხი შეიკრიბა. ყველა მიყვიროდა, მეჩხუბებოდა, მაფურთხებდა. როდესაც ტანსაცმელი თითქმის მთლიანად გამხადეს, მარჯვენა მუხლში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. წამოვიწიე და დავინახე, რომ ჩემი მარჯვენა ტერფი მარცხენა მუხლის მოპირდაპირე მხარეს, 90 გრადუსის კუთხის პოზიციაში იყო, – იხსენებდა მრავალი წლის შემდეგ სენატორი.
ასე დაიწყო მაკკეინის ტყვეობა, რომელიც ხუთ წელსა და ხუთ თვეს გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის არაერთხელ აწამეს და, როგორც თავად ამბობდა, თვითმკვლელობის ზღვარზეც კი იმყოფებოდა.
ახლა ისინი, ეს კონკრეტული პირები აღარ მძულს. მძულს და მეზიზღება ლიდერები. მცველები მხოლოდ მოდიან და ასრულებენ თავიანთ საქმეს. როდესაც მათ ეტყვიან, გცემონ, ისინი მოვლენ და ამას შეასრულებენ… სასტიკი დამუშავების ერთ რაუნდს მეორე მოჰყვებოდა. ზოგჯერ კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ მაწამებდნენ. ზოგჯერ კი რამდენიმე კვირითაც კი მანებებდნენ თავს – იხსენებდა მაკკეინი საკუთარ მემუარებში.
სენატორი ამბობდა, რომ ტყვეობის დროს მას სხვა ამერიკელ პატიმრებთან ურთიერთობა ძალას მატებდა.
კომუნიკაცია თანამემამულე პატიმრებთან იყო მთავარი ღირებულება, – აღნიშნავდა ჯონ მაკკეინი.
ჯონ მაკკეინი 1973 წლის 14 მარტს, ვიეტნამში ომის შეწყვეტის შესახებ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაათავისუფლეს. ვიეტნამის ციხე მან სრულიად ჭაღარამ დატოვა. ტყვეობის პერიოდში სამხედრო მფრინავმა წონაში 23 კილოგრამი დაიკლო.
ჰანოის ციხეში დღემდე ინახება მაკკეინის პილოტის ტანსაცმელი. ციხის შენობის ნაწილი დღეს მუზეუმს წარმოადგენს.
მოგვიანებით ჯონ მაკკეინი, ვიეტნამის ომის სხვა ვეტერანთან, ჯონ კერისთან ერთად, ვიეტნამში უგზო-უკვლოდ დაკარგული ამერიკელი სამხედროების საკითხებზე მუშაობდა, რის გამოც არაერთხელ ჩავიდა ამ ქვეყანაში.
პოლიტიკური კარიერა
ჯონ მაკკეინმა სამხედრო სამსახური 1981 წელს კაპიტნის წოდებით დატოვა. მომდევნო წელს არიზონის შტატიდან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს. ოპონენტთა ნაწილი აკრიტიკებდა მაკკეინს, რომ მას არიზონის შტატთან საკმარისი კავშირები არ ჰქონდა.
22 წელი სამხედრო-საზღვაო ძალებში გავატარე. ჩემი პაპა ფლოტში მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურეებს ბევრი გადაადგილება და ქვეყნის ყველა ნაწილში ცხოვრება გვიწევს. ვისურვებდი, მქონოდა ფუფუნება, რომ თქვენ მსგავსად, გავზრდილიყავი, მეცხოვრა და მთელი ცხოვრება გამეტარებინა ისეთ ლამაზ ადგილას, როგორიც არიზონაა, თუმცა მე სხვა საქმით ვიყავი დაკავებული. ახლა, როდესაც ამაზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ადგილი, სადაც ცხოვრების ყველაზე დიდი მონაკვეთი გავატარე,ჰანოია, – განაცხადა მაკკეინმა.
1986 წლის ნოემბერში ჯონ მაკკეინი სენატში აირჩიეს. სენატში შეიარაღებული ძალების, ვაჭრობისა და ინდიელთა საკითხზე მომუშავე კომიტეტების წევრი იყო.
ფინანსური სკანდალი
1989 წელს მაკკეინი ფინანსური სკანდალის მონაწილე გახდა. ის „კიტინგის ხუთეულში“ აღმოჩნდა, რომელიც ბანკირ ჩარლზ კიტინგისგან დაფინანსებას იღებდა. მაკკეინმა ბანკირისგან და მასთან დაკავშირებული კომპანიებისგან 112 ათასი დოლარი მიიღო, გარდა ამისა, რამდენჯერმე იმგზავრა კიტინგის თვითმფრინავით, რაც მოგვიანებით აანაზღაურა. როდესაც კიტინგს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაკკეინი ერთ-ერთი იყო იმ ხუთ სენატორს შორის, რომლებსაც ბანკირი შეხვდა და დახმარება სთხოვა. ამის შემდეგ მაკკეინი ორჯერ შეხვდა ფინანსურ რეგულატორებს კიტინგის საქმის გამოძიების განსახილველად.
ეს იყო არასწორი გამოვლინება, როდესაც სენატორების ჯგუფი ხვდება რეგულატორების ჯგუფს, რადგან ეს ქმნის არასათანადო გავლენის შთაბეჭდილებას. ეს იყო არასწორი ქმედება, – განაცხადა მაკკეინმა რამდენიმე წლის შემდეგ.
საბოლოოდ სენატის ეთიკურმა კომიტეტმა მაკკეინს კანონის დარღვევა არ დაუდგინა, თუმცა შენიშვნა მისცა. საქმის დანარჩენ ოთხ ფიგურანტს კი თანამდებობების დატოვება მოუწია. ფინანსურ სკანდალს ხელი არ შეუშლია მაკკეინისთვის, რომ სენატის მომავალ არჩევნებშიც გაემარჯვებინა.
აშშ–ის სამხედრო კამპანიები
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში გახნორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, სენატორმა მაკკეინმა მხარი დაუჭირა ავღანეთში ჯარების შეყვანას.
ამერიკა მავნებლური, ბოროტი ძალის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს და სძულს ყველა ის ღირებულება, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, – აცხადებდა 11 სექტემბრის ტერაქტებზე.
ჯონ მაკკეინი ასევე ემხრობოდა 2003 წელს ერაყში ჯარების შეყვანას. მისი განცხადებით, სადამ ჰუსეინმა ერაყი „ალ-ქაიდასთვის“ იარაღის მომარაგების ხაზად აქცია.
მოგვიანებით, კანონმდებელმა აღიარა, რომ ერაყის სამხედრო კამპანია შეცდომა იყო.
ომი, მთელი თავისი მსხვერპლით და დანაკარგით, ვერ შეფასდება სხვაგვარად, გარდა როგორც ძალიან სერიოზული შეცდომა და მე უნდა ვაღიარო ჩემი დანაშაულის წვლილი, – წერდა მაკკეინი მემუარებში.
სენატორი ასევე მოუწოდებდა პრეზიდენტ ობამას სირიის კონფლიქტში მეტი ინტერვენციისკენ.
თავად სამხედრო ტყვე აქტიურად გამოდიოდა დაკითხვის დროს დაპატიმრებულების წამების წინააღმდეგ. ის აქტიურად ითხოვდა წამების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან დაკითხვის სასტიკი მეთოდების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.
მე მჯერა, რომ ამერიკელ ხალხს აქვთ უფლება და პასუხისმგებლობაც, იცოდნენ, რა კეთდება მათი სახელით. როგორ ემსახურება ან არ ემსახურება ეს პრაქტიკა ჩვენს ინტერესებს და როგორ შეესაბამება ის ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს, – განაცხადა მაკკეინმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.
არა თამბაქოს!
90-იანი წლების დასაწყისში სენატში მუშაობისას მაკკეინი აქტიურად უჭერდა მხარს თამბაქოზე გადასახადების გაზრდას. მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს აქციზზე გაზრდილი ღირებულების შედეგად, მოწევის საწინააღმდეგო კამპანიებზე თანხების გამოყოფას ითვალისწინებდა. თუმცა, თამბაქოს საწინააღმდეგო აქტის პროექტმა კონგრესში საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამას ხელი შეუწყო თამბაქოს მწარმოებლების მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა პიარკამპანიამ.
წაგებული ამერიკის შვილები არიან, – განაცხადა მაშინ მაკკეინმა.
პრეზიდენტობისთვის ბრძოლა
1999 წელს ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტის თანამდებობისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა და „რესპუბლიკური პარტიის“ შიდაარჩევნებში მონაწილეობა მიიღო. რამდენიმე შტატში წაგებული პრაიმერის შემდეგ, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა თანაპარტიელ ჯორჯ ბუშ უმცროსს გამოუცხადა.
პრეზიდენტად კენჭისყრა მან 2008 წელსაც სცადა. ამჯერად თანაპარტიელების მხარდაჭერა მოიპოვა და „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. თუმცა, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.
ეს არის ისტორიული არჩევნები და ვაღირებ ამ არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას აფროამერიკელებისთვის და განსაკუთრებულ სიამაყეს, რომელსაც დღეს ისინი გრძნობენ, – განაცხადა მაკკეინმა 2008 წლის ნოემბერში არჩევნებში დამარცხების აღიარებისას.
ომის ვეტერანი და მუსიკა
სენატორ მაკკეინის საყვარელი სიმღერა შვედური ჯგუფის ABBA-ს 1977 წლის ჰიტი Take a Chance on Me იყო. ცნობილი კომპოზიციის გამოყენება მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის განმავლობაში სურდა, თუმცა ლიცენზია მაღალი ფასის გამო ვერ მოიპოვა.
საარჩევნო კამპანიის დროს მხარდამჭერებთან შეხვედრისას მან რამდენჯერმე გამოიყენა 1976 წლის ჰოლივუდის ფილმის „როკის“ საუნდტრეკი, რის გამოც საავტორო უფლებების მფლობელისგან საყვედურიც მიიღო, რაც თავად აღიარა.
ტრამპის კრიტიკოსი
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი თანაპარტიელი სენატორის ჯონ მაკკეინის ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა.
ჯერ კიდევ პოლიტიკურ საქმიანობამდე, ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა მაკკეინის სამხედრო მიღწევებში ეჭვი შეიტანა.
„ის არ არის ომის გმირი. ის იყო ომის გმირი, რადგან დაიჭირეს? მე მომწონს ადამიანები, რომლებსაც არ იჭერენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა 2015 წლის ივლისში აიოვას შტატში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
„ვფიქრობ, ჯონ მაკკეინმა ძალიან ცოტა რამ გააკეთა ვეტერანებისთვის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ მაკკეინის გამო“, – განაცხადა ტრამპმა მოგვიანებით.
სენატორის მიმართ კრიტიკა მან პრეზიდენტის თანამდებობის დააკვების შემდეგაც გააგრძელა.
ჯონ მაკკეინი გმობდა დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას მედიის მიმართ.
ტრამპი განაგრძობს უმოწყალო თავდასხმებს ამერიკელი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების ერთიანობაზე. ეს რეპრესიულ რეჟიმებს მაგალითს აძლევს, – აღნიშნა მაკკეინმა.
ვლადიმერ პუტინთან დონალდ ტრამპის სამიტს კი რესპუბლიკელმა სენატორმა „ამერიკელი პრეზიდენტის ერთ–ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა უწოდა“.
მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ კი მაკკეინმა განაცხადა, რომ არ სურს, მის დაკრძალვაზე პრეზიდენტი ტრამპი მივიდეს.
გადამწყვეტი ხმა
2017 წლის ივლისში მაკკეინმა განაცხადა, რომ ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის, კერძოდ კი, გლიობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაციიდან ორ კვირაში სენატში დაბრუნდა, რომ ჯანდაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი ხმა დაეფიქსირებინა.
მაკკეინის „არა“ – გადამწყვეტი აღმოჩნდა. 49 ხმით 51-ის წინააღმდეგ „რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებული ჯანდაცვის კანონპროექტი ჩავარდა. პრეზიდენტმა მაკკეინს ეს ქმედება შემდგომში არაერთი გამოსვლისას გაუხსენა.
საქართველოს მეგობარი
ჯონ მაკკეინი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით. მიიჩნევდა, რომ ვლადიმერ პუტინი გაცილებით დიდი საფრთხეა მსოფლიოსთვის, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.
საქართველოში ის განსაკუთრებით დაამახსოვრდათ 2008 წლის 12 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით. მაშინ ჯონ მაკკეინი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერების წინაშე გამოდიოდა სიტყვით, რა დროსაც წარმოთქვა ცნობილი ფრაზა – „დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ“.
რუსეთის ქმედებების გავლენა ცდება დემოკრატიული საქართველოსთვის საფრთხის ფარგლებს. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ძალადობას იყენებს, როგორც სიგნალს ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთთან თანამშრომლობას ირჩევს, – განაცხადა მაკკეინმა 2008 წლის 12 აგვისტოს.
სენატორი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ აშშ-ის მთავრობა და ნატო არასაკმარისს აკეთებენ საქართველოს მხარდასაჭერად.
ეს მართლაც ბნელი თავია ჩვენი ალიანსის ისტორიაში. ეს ისტორიის სამარცხვინო მონაკვეთია. მე მრცხვენია საკუთარი ქვეყნის. მე მრცხვენია საკუთარი პრეზიდენტის. მე მრცხვენია საკუთარი თავის, რადგან არ გავაკეთე მეტი ამ ხალხის დასაცავად და ეს მართლაც გულსატკენია, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა 2015 წლის თებერვალს.
სენატორი მაკკეინი ხშირად სტუმრობდა საქართველოს. მისი ბოლო ვიზიტი 2017 წლის იანვარში შედგა. ის სამშობლოში თავდაჯერებული გაემგზავრა, დარწმუნებული იმაში, რომ ერთ დღეს საქართველო კვლავ იქნება მთლიანი.
ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა ამ ქვეყნის ნაწილის ანექსია, თუმცა ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, მთლიანი და დამოუკიდებელი.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მეუღლის დავალებით, მაკკეინის ცოლი სინდი მაკკეინი საქართველოში ჩამოვიდა და დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
დონალდ ტრამპის მიერ 13 აგვისტოს ხელმოწერილი აშშ-ის 2019 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი სენატორ ჯონ მაკკეინის სახელს ატარებს და მასში საქართველოსადმი მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზეა საუბარი.
დაუსრულებელი საქმეები
სენტორ ჯონ მაკკეინს ორივე ქორწინებიდან შვიდი შვილი დარჩა, მათ შორის ბანგლადეშის ბავშვთა სახლიდან სამი თვის ასაკში ნაშვილები ბრიჯიტი.
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნებულ მემუარებში მაკკეინი წერდა, თუ რისი გაკეთება სურდა გარდაცვალებამდე:
მაქვს საქმეები, რომლებსაც პირველ რიგში უნდა მივხედო, დავასრულო გარკვეული სამუშაო, შევხვდე იმ ადამიანებს, ვისი ნახვაც მჭირდება. კიდევ მინდა, დაველაპარაკო ჩემს თანამემამულე ამერიკელებს კიდევ ცოტა მეტ ხანს, თუ შევძლებ”.
სენატორი ჯონ მაკკეინი 24 აგვისტოს არიზონაში საკუთარი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. 29 აგვისტოს მას 82 წელი შეუსრულდებოდა.
ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა. მე მოვიპოვე მცირე ადგილი ჩემთვის ამერიკის ისტორიაში, – წერდა მაკკეინი მემუარებში.
2018 წლის მაისში HBO ჯონ მაკკეინის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოუშვა სახელწოდებით „ვისთვის რეკავენ ზარები“.
გამოყენებული წყაროები: USA Today, US News, Reuters, AP, CNN, The Guardian