დათო თარგამაძე - კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა იმედი დამიბრუნდა
5 მარტს ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი დავით თარგამაძე მძიმედ დაშავდა – კრივოი როგის „კრივბასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მცველმა ფეხი მოიტეხა, რამაც მას სპორტული კარიერის მნიშვნელოვანი პერიოდი დააკარგვინა.
„დრო, როდესაც თარგამაძე ებრძოდა არა მხოლოდ ტრავმას, არამედ, საკუთარ თავსაც“, – ასე იწყებს უკრაინული გამოცემა „ფუტბოლი“ ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუს.
„ოთხი ოპერაცია გამიკეთეს, სამი – კიევში, ერთიც – თბილისში. პირველი ოპერაციის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა და კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი. მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი კარგად მიდის და საბოლოოდ, ოპერაციები წარმატებით დასრულდა. მკურნალობის ასეთი ხანგრძლივი პერიოდი ტრავმის სირთულით უნდა აიხსნას. ტკივილები დღემდე მაწუხებს. თუმცა, ამაზე ექიმები წინასწარ მაფრთხილებდნენ. იმედია, მალე მოედანს დავუბრუნდები“, – ამბობს თარგამაძე.
შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა გერმანულ „ფრაიბურგში“ დაიწყო. შემდეგ კი უკრაინულ „ოლექსანდრიაში“ ჩაირიცხა. 2012-2017 წლებში თარგამაძეს კონტრაქტი დონეცკის „შახტართან“ აკავშირებდა, მაგრამ გუნდში არ უთამაშია და ამ პერიოდში განათხოვრებით „ოლექსანდრიასა“ და „ილიჩევეცში“ ითამაშა. 2011-2014 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომლის ფორმაც 21 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.