საგანგებო მდგომარეობა ავტომატურად ფორსმაჟორული რეჟიმის ამოქმედებას და მხარეების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებისგან გათავისუფლებას არ გულისხმობს, – ამის შესახებ კომპანია „ბიდიო ლეგალის“ პარტნიორმა დათო გელაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ქვეყანაში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის ბიზნესზე გავლენისა და მთავრობის მოთხოვნების მიმართ კერძო სექტორის მზადყოფნის საკითხი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა კერძო სექტორში გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს კერძო საკუთრების განკარგვის, ფორსმაჟორული სიტუაციის ამოქმედებისა თუ საგადასახდო კუთხით.
„ბიდიო ლეგალის“ პარტნიორის განმარტებით, მთავრობის დადგენილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ პირდაპირ მიუთითებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობას შეუძლია, სასტუმროების და მსგავსი ინფრასტრუქტურის, ასევე სახმელეთო და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, რაც შეიძლება, სახელმწიფოს დასჭირდეს საკარანტინო ან საევაკუციო მიზნებისთვის. თუმცა დადგენილებაში განმარტებული არ არის, ამ მომსახურებას აღნიშნული ინფრასტრუქტურის მფლობელი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ გაუწევს, თუ უფასოდ.
„ეს (საფასურის გადახდა ან გადაუხდელობა) დადგენილებაში მითითებული არ არის. თუმცა ზოგადად არსებობს ექსპროპრიაციის წესები, რაც გულისხმობს, რომ ეს შესაბამისი კომპენსაციით უნდა მოხდეს. როგორ განისაზღვრება ეს კომპენსაციები და რომელ კონკრეტულ შემთხვევებში, ვერ გეტყვით, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ სასტუმროებთან ხელისუფლებამ შეთანხმებას ჯერ კიდევ ამ დადგენილების მიღებამდე მიაღწია და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ საკარანტინო მიზნებისთვის რაღაც ქონება უკვე გადაცემულია“, – განაცხადა გელაშვილმა.
რაც შეეხება ფორსმაჟორს, გელაშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ფორსმაჟორი ავტომატურად ყველა შემთხვევაზე გავრცელდება.
„კარგად რომ გვესმოდეს როგორ მუშაობს ფორსმაჟორი – მას აქვს პირობები, რა შემთხვევაში ამუშავდება. ეს არის მოულოდნელი გარემოება, რომელზეც მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გარემოება პირდაპირ გავლენას უნდა ახდენდეს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. შესაბამისად, თუკი არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა, რომელშიც ფაქტობრივად შემაფერხებელი სიტუაცია არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამ ვალდებულებაზე ვერ გავრცელდება და დიდი ალბათობით, მხარეებს ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოუწევთ. მაგრამ თუკი ვალდებულების შესრულებას ხელი პირდაპირ ეშლება იმის გამო, რომ სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდულია ან სახელმწიფომ დახურა ესა თუ ის ობიექტი თავისი დადგენილებით, რა თქმა უნდა, ეს ფორსმაჟორის ქვეშ გავა. ეს გულისხმობს, რომ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მხარეს, ბიზნესსუბიექტს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება“, – განმარტა გელაშვილმა.
„ბიდიო ლეგალის“ პარტნიორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დაზარალებულ ბიზნესსექტორს უკვე გარკვეული შეღავათები განუსაზღვრა, საგადასახდო კუთხით ჯერ კიდევ ბევრი მტკივნეული საკითხია, რაზეც პასუხი არ არის და კარგი იქნება თუ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ საგადასახადო ორგანო ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მექანიზმს გამოიყენებს.
„საგადასახადო მიმართულებით რაც უკვე ვიცით ეს არის გადაწყვეტილება, რომ შეღავათები უკვე განესაზღვრათ ტურისტულ სექტორის სუბიექტებს. ესენია – სასტუმროები, ბიზნესოპერატორები, სატრანსპორტო ბიზნესში ჩართული სუბიექტები, რომელთაც გადაუვადდათ თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის საშემოსავლო გადასახდის და ასევე 2019 წლის ქონების გადასახადის ვალდებულება. დანარჩენ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო. თუმცა ბევრი მტკივნეული საკითხი უკვე დადგა, რაზეც ამ ეტაპზე პასუხები არ არის“, – აღნიშნა გელაშვილმა.
მისი თქმით, მაგალითად, საუბარია საიჯარო ურთიერთობებზე.
„ეს განსაკუთრებით შეეხო დაცლილ ოფისებს, მოლებს, სავაჭრო სუბიექტებს, გასართობ და სარესტორნე ინფრასტრუქტურას, რაც იჯარით არის გაცემული იმ უძრავი ქონების მფლობელებს. ისინი იძულებული არიან, ერთი მხრივ, ყოველთვიურად იხადონ დამატებითი ღირებულების გადასახადი, რადგან ეს ურთიერთობები კვლავ ძალაშია და მეორე მხრივ, ეს ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, რადგან არ ხორციელდება ბიზნესპროცესი, რომელიც ამ გადასახდის გადახდის ძირითადი დაფინანსების წყაროა. ჩემი აზრით, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გაივლის და მეტნაკლებად ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, ძალიან კარგი ინსტრუმენტი და მექანიზმი აქვთ საგადასახდო ორგანოებს იმ კუთხით, რომ შეუძლიათ, ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილებები საგადასახდო შეთანხმების ფორმით, როდესაც უკვე განხილული იქნება კონკრეტული მოცემულობა“, – განუცხადა დათო გელაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.