ჭაბუა ამირეჯიბის რომანი “დათა თუთაშხია” ბულგარულ ენაზე გამოიცა.
რომანი ჯერ კიდევ 70-იან წლებში მარია ხაჯიევამ თარგმნა, ახალი გამოცემა კი ბულგარეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.
როგორც ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ბერიძემ “პირველ არხს” განუცხადა, წიგნი ბიბლიოთეკებს, კულტურულ ცენტრებს, სახელმწიფო უწყებებს გადაეცა. ბულგარულ ენაზე “დათა თუთაშხიას” შეძენა მკითხველს სოფიაში, საშობაო ბაზრობაზეც შეუძლია.
“ბულგარულ ენაზე “დათა თუთაშხია” 70-იან წლებში ითარგმნა, მაგრამ მას შემდეგ აღარ გამოცემულა და ბუნებრივია, წლების განმავლობაში საკმაოდ მცირე რაოდენობით დარჩა ბიბლიოთეკებსა და სასწავლო დაწესებულებებში. ამიტომ ჩვენ, ქართული დიასპორის დახმარებით, გამოვეცით ეს ბრწყინვალე ნამუშევარი და როგორც ჩვენმა ბულგარელმა კოლეგებმა გვითხრეს, შესანიშნავი თარგმანია ბულგარულ ენაზე”, – განუცხადა “პირველ არხს” ზურაბ ბერიძემ.
წიგნი საქართველოს საელჩოსა და სათვისტომოს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
2015 წელს ბულგარეთში ასევე დაიბეჭდა “ვეფხისტყაოსანი”, რომელსაც პოეტი სტოიან ბაკარჯიევი 10 წლის განმავლობაში თარგმნიდა.
როგორც ბულგარეთში საქართველოს ელჩი აღნიშნავს, ბაკარჯიევი ცნობილია შექსპირის, სერვანტესისა და მსოფლიოს სხვა მწერლების ნაწარმოებების თარგმანებით.
“ბაკარჯიევს ძალიან უყვარდა საქართველო და ერთ-ერთ თავის ნაწარმოებში წერს, რომ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” მსოფლიო ლიტერატურის საგანძურია. ამაზე ძლიერი, ამაზე შინაარსიანი და ამაზე კარგი არაფერი წამიკითხავსო. ალბათ უნდა ვენდოთ იმ ადამიანს, რომელსაც შედევრები აქვს ნათარგმნი ბულგარულ ენაზე”, – ამბობს საქართველოს ელჩი ბულგარეთში.