დასავლეთისა და რუსეთის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების ფონზე, რუსული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადების ფონზე რუსული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. საქმე ეხება სერგეი რიაბკოვის განცხადებას, რომელშიც მან აშშ-თან და ნატო-სთან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ და ნატო არ არიან მზად, რუსეთის მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოების შეჩერებას ითვალისწინებს.
რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ არ გამორიცხავს, თუ მოლაპარაკებები ჩიხში შევა, რუსეთმა კუბასა და ვენესუელაში გააგზავნოს სარაკეტო სისტემები.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამ განცხადების შემდეგ რუსეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2,5%-ით გაუფასურდა. ასევე მნიშვნელოვანი რყევები იყო რუსეთის ბირჟაზეც, სადაც სახელმწიფო ობლიგაციები გაიაფდა.