დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან თავდასხმის დროს ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა
დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან მომხდარი თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულები ისრაელის მოქალაქეები არიან.
მათივე განცხადებით, თავდამსხმელი ტერიტორიაზე იორდანიიდან სატვირთო მანქანით შევიდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდამსხმელი გაანეიტრალეს. იორდანია აცხადებს, რომ დახურა საზღვარი და ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც მედია წერს, ინციდენტი მოხდა ისრაელის კონტროლირებად ზონაში. გადასასვლელი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მეფე ჰუსეინის ხიდი, მდებარეობს ამანსა და იერუსალიმს შორის და წარმოადგენს ერთადერთ ოფიციალურ გადასასვლელს დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიას შორის.