დასავლეთ გერმანიაში, ნატო-ს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
დასავლეთ გერმანიაში, ნატო-ს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

დასავლეთ გერმანიაში, ნატო-ს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. გაილენკირხენის ბაზაზე უსაფრთხოება მეორე დონემდეა გაზრდილი.

როგორც ავიაბაზის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა თანამშრომელი, რომელიც ძირითად პერსონალს არ წარმოადგენს, სახლებში გაუშვეს.

„ჩვენ გავზარდეთ უსაფრთხოების დონე გაილენკირხენის ნატო-ს ავიაბაზაზე სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოტენციურ საფრთხეზე მიუთითებს. მისიის არაძირითადი პერსონალი გაგზავნილია სახლში უსაფრთხოების მიზნით. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ოპერაციები გრძელდება გეგმის მიხედვით“, – ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს ბოლო დროს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს ბაზაზე, სადაც განთავსებულია ალიანსის AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

გასულ კვირას უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა კიოლნის სამხედრო ბაზაზე სასმელი წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვების გამო. ამის მიზეზი სასმელი წყლის ავზებთან ღობეში აღმოჩენილი ხვრელი გახდა. წყლის შემოწმების შედეგად დაბინძურება არ აღმოჩნდა.