დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის განმახორციელებელი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (worknet.gov.ge) განვითარება; შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; საშუამავლო მომსახურების გაწევა/ განვითარება; პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება; დასაქმების ფორუმების მოწყობა; შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისობრივი კვლევის განხორციელება და მონიტორინგი; მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგ/სემინარების ორგანიზება; დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა.
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 770 000 ლარით. სააგენტო პერიოდულად უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირებას აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.