დარტყმა, რომელმაც იუგოსლავიის სამოქალაქო ომი დაიწყო
დარტყმა, რომელმაც იუგოსლავიის სამოქალაქო ომი დაიწყო

1990 წლის 13 მაისი ფეხბურთის ისტორიაში შავ ლაქად არის შესული. იმ დღეს, ზაგრების სტადიონ „მაქსიმირზე“, სათასო შეხვედრისას, ადგილობრივი „დინამოსა“ და სერბული „ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრებმა გრანდიოზული ჩხუბი და არეულობა მოაწყვეს. ზოგიერთს დღემდე მიაჩნია, რომ ეს მოვლენა გახდა იუგოსლავიაში სამოქალაქო ომების ათვლის წერტილი…

საიდან დაიწყო ყველაფერი

სისხლიან მატჩამდე ერთი კვირით ადრე, ხორვატიის დემოკრატიული თანამეგობრობის პარტიამ ხორვატიაში პირველი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები მოიგო. პარტიის ლიდერი იყო ხორვატი ნაციონალისტი ფრანიო ტუჯმანი. ამ ფაქტმა ხორვატიაში მცხოვრები სერბების განრისხება გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალი მთავრობისთვის ქაოსისა და დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, სერბმა აქტივისტებმა არეულობის მომზადება დაიწყეს, ფორმალურ საბაბად კი საფეხბურთო ფანების გარჩევები აქციეს.

იმ დღეს, 1990 წლის 13 მაისს, ზაგრებში მატარებლით ჩავიდა „ცრვენა ზვეზდას“ ორიდან სამი ათასამდე ფანი. სერბი გულშემატკივრების მეთაური იყო თვით ჟელკო რაჟნატოვიჩი, მეტსახელად „არკანი“ – ცნობილი სერბი კრიმინალური ავტორიტეტი და სამხედრო მოღვაწე. სერბების სტუმრობას ზაგრების „დინამოს“ ფანების დაჯგუფება Bad Blue Boys „მასპინძლობდა“.

შეხლა-შემოხლა უკვე სადგურზე დაიწყო და მთელი დღე გრძელდებოდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, მოგვიანებით კი ყველაფერმა სტადიონზე გადაინაცვლა. სასტარტო სასტვენიდან უკვე 10 წუთის შემდეგ, თამაში შეაჩერეს. „ცრვენა ზვეზდას“ ფანებმა დიდი მონდომებით დაიწყეს სარეკლამო ბანერების მსხვრევა, რომელიც მათ სექტორს დანარჩენი სტადიონისგან ყოფდა და მეტოქის გულშემატკივრებისკენ გაიწიეს. საქმეში ჩაერთო მოგლეჯილი სავარძლები, დანები და სხვა ნივთები. „დინამოს“ ფანების სექტორზე შეტევას თან ახლდა შეძახილები: „ჩვენ მოვკლავთ ტუჯმანს!“, „ზაგრებისერბებისაა!“

ხორვატი გულშემატკივრები პასუხად ყვიროდნენ: Serbi – na verbi! ეს არის სერბების ჩამოხრჩობის მოწოდება. მასპინძელთა ფანები სერბებზე შეტევას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ: პოლიცია ფაქტობრივად გასაქანს არ აძლევდა. სამაგიეროდ, თავად ხორვატი ფანების წინააღმდეგ ადგილობრივი პოლიციელები ცრემლსადენ აირსაც კი იყენებდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები და პოლიციელები ამ კონფლიქტისას სხვადასხვა მხარეს აღმოჩდნენ.

საქმე ისაა, რომ XX საუკუნის ბოლოს, ხორვატიაში სერბული დიასპორა განსაკუთრებით დიდი იყო. თუნდაც 1991 წელს (ამ მატჩიდან ერთი წლის თავზე) ჩატარებული აღწერის მიხედვით, ეთნიკური სერბების წილი 12 პროცენტი იყო. ბევრი მათგანი პოლიციაში სამუშაოდ მიდიოდა. შესაბამისად, „დინამოსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ მატჩზე ბევრი პოლიციელი სწორედ სერბი იყო, რაზეც თვითმხილველთა უამრავი ჩანაწერი მოწმობს.

პოლიციელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ზაგრებელთა ფანებმა მოახერხეს პოლიციის კორდონის გარღვევა, მინდორზე გავარდნენ და დაიწყეს გააფთრებული ბრძოლა საძულველ სერბებთან. „მაქსიმირის“ სტადიონი ფილმის გადასაღებ მოედანს დაემსგავსა: ასობით ადამიანი ერთმანეთს უმოწყალოდ სცემდა, დასახიჩრებულები უგონოდ ეყარნენ მინდორზე, პოლიციელები ხელკეტებით ურტყამდნენ ფანებს, მინდორზე გამოჩდნენ სახანძრო მანქანები წყალსატყორცნებით. სისხლიანი გარჩევა ერთი საათი გაგრძელდა. ოფიციალური მონაცემებით, სერიოზული დაზიანება 85-მა ადამიანმა მიიღო.

ბევრ ხორვატს დღემდე მიაჩნია – იუგოსლავიაში​ ომი ბობანის დარტყმამ დაიწყო

არეულობის დროს, ფეხბურთელების გასახდელებში გაყვანა სცადეს, მაგრამ ისინი არ ჩქარობდნენ მინდვრიდან გასვლას. მათ შორის ისეთებიც აღმოჩდნენ, ვინც ჩხუბში ჩაბმა მოისურვა. ერთ-ერთი ასეთი იყო ზაგრების „დინამოს“ კაპიტანი ზვონიმირ ბობანი, რომელიც უკმაყოფილო გახლდათ პოლიციელების მოქმედებით.

იმ წუთებში ბობანი გაოცებული ყვიროდა: „სად არის პოლიცია?“ მისი აზრით, სამართალდამცავები, უბრალოდ, უმოქმედონი იყვნენ, ოღონდ ცალმხრივად. განრისხებული ნახევარმცველი ერთ-ერთ პოლიციელს მივარდა, რომელიც ზაგრებელი გულშემატკივრის დაკავებას ცდილობდა, ჰაერში ახტა და მუხლი სახეში ჩაარტყა.

დაზარალებულ პოლიციელს ერქვა რაფიკ აჰმეტოვიჩი. ის არც სერბი იყო და არც ხორვატი: რაფიკი – ეთნიკური ბოსნიელი გახლდათ. ფანები საკუთარი კაპიტნის მისაშველებლად მიცვივდნენ და არ მისცეს პოლიციელს ფეხბურთელთან მიახლოების საშუალება.

აი, როგორ იხსენებს იმ დღეს თავად აჰმეტოვიჩი: „ბობანს ბუნტის მოწყობა უნდოდა. არ ველოდი მისგან მსგავს საქციელს. შემეძლო მისი მოკვლა – ის მოვალეობის შესრულების მომენტში დამესხა თავს. დატენილი იარაღი მქონდა და კოლეგებიც მიყვიროდნენ: „ესროლე“, მაგრამ მე ეს არ მინდოდა.“

„ბელგრადიდან ჩამოსულმა ხულიგნებმა გაანადგურეს ჩვენი სტადიონი. პოლიცია კი ამ დროს საერთოდ არ რეაგირებდა მათ უკანონო მოქმედებაზე“, – თქვა ბობანმა მოგვიანებით ვუკ იანიჩის დოკუმენტურ ფილმში – „იუგოსლავიის ბოლო საფეხბურთო გუნდი“.

ბევრ ხორვატს დღემდე მიაჩნია – ბობანის დარტყმამ დაიწყო ომი იუგოსლავიაში. ხორვატიაში ის – ეროვნული გმირია. „სწორედ იმ დარტყმის შემდეგ, ის დღემდე ხორვატიის ლეგენდად რჩება“, – წერდა ხორვატი ჟურნალისტი სვენ მილეკიჩი.

ამ დარტყმას შეეძლო სამუდამოდ გაეფუჭებინა ბობანის კარიერა. საბედნიეროდ ხორვატი ფეხბურთელისთვის, ასე არ მოხდა. მას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რის შემდეგაც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა გააგრძელა. 1991 წელს, 8 მილიონ ფუნტად ის „მილანმა“ შეიძინა.

„დინამოს“ ბევრი ფანი ომში წავიდა და დაიღუპა. სტადიონთან მათ ძეგლი დაუდგეს

ამ მატჩის შემდეგ, იუგოსლავურმა პირველმა ლიგამ დაახლოებით ერთი წელი იარსება. „მაქსიმირზე“ მომხდარმა იუგოსლავიაში სერიოზულ ცვლილებებს დაუდო სათავე.

იმ თამაშიდან ორი კვირის თავზე, ახალმა პარლამენტმა ახალი პრეზიდენტის ფრანიო ტუჯმანის მეთაურობით მიიღო ხორვატიის კონსტიტუცია და ქვეყანაში მასშტაბური გარდაქმნები გამოაცხადა. მალე ტუჯმანმა ხორვატიაში ანტისერბული კამპანია წამოიწყო: ეთნიკური სერბები სახელმწიფო სამსახურებიდან იდევნებოდნენ. თავის მხრივ, სერბები ავტონომიის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდნენ. მას შემდეგ, რაც ხორვატები ამ იდეას შეეწინააღმდეგენ, ყველაზე რადიკალურმა სერბმა აქტივისტებმა გადაწყვიტეს – გამოეცხადებინათ ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ აღიარეს.

1991 წლის მარტში დაიწყო ომი. საომრად წავიდნენ ის ფანებიც, რომლებმაც „მაქსიმირზე“ სისხლიან გარჩევაში მიიღეს მონაწილეობა. ზაგრების „დინამოს“ გულშემატკივართა დიდი ნაწილი წავიდა ომში და ცხელ წერტილებში სერბების წინააღმდეგ იბრძოდა.

„დინამოს“ ფანებმა ომში დაღუპული გულშემატკივრები არ დაივიწყეს. სტადიონის წინ აღიმართა ქანდაკება წარწერით: „დინამოს“ ყველა გულშემატკივარს, რომლებისთვისაც ომი 1990 წლის 13 მაისს დაიწყო და სამშობლოსთვის ბრძოლაში დასრულდა“.

1992 წელს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კლუბს დაარქვეს ჯერ „ჰაშკ გრაჟდიანსკი“, ერთი წლის შემდეგ კი „კროაცია“. ეს იმით იყო ნაკარნახევი, რომ მაქსიმალურად დისტანცირებულნი ყოფილიყვნენ კომუნისტური ეპოქის მემკვიდრეობასთან.

ფანებს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონათ. აქტიურმა გულშემატკივრებმა არა ერთხელ სცადეს კლუბისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნება, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო გამოდგა. პრეზიდენტ ტუჯმანს, რომელიც ხანდახან ესწრებოდა საფეხბურთო მატჩებს, ტრიბუნებიდან უსტვენდნენ. კლუბს ძველი სახელი „დინამო“ მხოლოდ 2000 წელს დაუბრუნეს, პრეზიდენტის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში.

რაც შეეხება „ცრვენა ზვეზდას“ ფანებს, მათმა მთავარსარდალმა არკანმა ჯერ კიდევ 1990 წლის შემოდგომაზე შექმნა საკუთარი პირადი სამხედრო შენაერთი, რომელსაც „არკანის ვეფხვებს“ უწოდებნენ. თავად არკანი სამხედრო მოქმედებებს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდა და ამის მიზეზები არსებობდა.

1990 წლის ნოემბრის ბოლოს, ხორვატიის პოლიციამ ის ხორვატიისა და ბოსნიის საზღვარზე დააპატიმრა. სერბს 20-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ უკვე 1991 წლის 14 ივნისს გაანთავისუფლეს. ამბობდნენ, რომ სერბეთის მთავრობამ ერთი მილიონი გერმანული მარკის ოდენობით გირაო შეიტანა. პატიმრობის შემდეგ, რაჟნატოვიჩი პირადად ხელმძღვანელობდა თავისი შენაერთის ოპერაციებს, მოგვიანებით კი დაჯილდოვდა სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი – კარაგეორგეს ვარსკვლავით. ეს ჯილდო არკანს პირადად სერბეთის პრეზიდენტმა გადასცა.

არკანი ბელგრადის ერთ-ერთ სასტუმროში დაიღუპა – ის და მისი ორი მეგობარი მკვლელის მსხვერპლი გახდა, რომელიც პოლიციელი აღმოჩნდა.