ჩემპიონთა ლიგის მატჩი აეკ-სა და ზაგრების „დინამოს“ შორის გადაიდო ჩხუბის გამო, რომელსაც ერთი გულშემატკივარი ემსხვერპლა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მატჩი აეკ-სა და ზაგრების „დინამოს“ შორის გადაიდო ჩხუბის გამო, რომელსაც ერთი გულშემატკივარი ემსხვერპლა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საბერძნეთის აეკ-სა და ზაგრების „დინამოს“ შორის, უეფა-ს გადაწყვეტილებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეხვედრა 8 აგვისტოს ათენში უნდა გამართულიყო.

თამაშის გადადების მიზეზი გახდა 7 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქში მომხდარი ჩხუბი აეკ-სა და „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის, რომლის შედეგადაც 22 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა. მამაკაცს აეკ-ის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიციის განცხადებით, ხორვატული კლუბის 100-120 გულშემატკივარი მივიდა სტადიონთან, სადაც შეკრებილნი იყვნენ აეკ-ის ფანები. მათ შორის არეულობა დაიწყო – ორივე მხრიდან ისროდნენ პეტარდებს, თვითნაკეთ აალებად მოწყობილობებსა და ქვებს.

სამმა ბერძენმა და ხუთმა ხორვატმა გულშემატკივარმა მიიღეს ტრავმები და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. 98 ადამიანი დააპატიმრეს.

ზაგრებული გუნდის ფანები საბერძნეთში აღმოჩდნენ უეფა-ს აკრძალვის მიუხედავად. პოლიციის ინფორმაციით, „დინამოს“ 150-200 გულშემატკივარი ორშაბათს ქვეყანაში ავტობუსებითა და ავტომობილებით ჩავიდნენ.