ირაკლი აზაროვის დუბლი პირველივე სეზონში - „ცრვენა ზვეზდამ“ სერბეთის თასიც მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ირაკლი აზაროვი სერბეთის თასის გამარჯვებული გახდა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ შემადგენლობაში, რომელმაც ფინალში „ჩუკარიჩკი“ 2:1 დაამარცხა.

სერბეთის თასის ფინალში ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა. მატჩი კი აზაროვის გუნდისთვის ცუდად დაიწყო – 21-ე წუთზე ანგარიში „ჩუკარიჩკიმ“ გახსნა, გუნდი ნახევარმცველმა მარკო დოჩიჩმა დააწინაურა.

ბელგრადელებმა თამაშის გადარჩენა შეძლეს. თავდამსხმელმა ალექსანდარ პეშიჩმა 61-ე წუთზე ჯერ წონასწორობა აღადგინა (საგოლე კომბინაცია აზაროვმა წამოიწყო), ხოლო 76-ე წუთზე იმავე პეშიჩმა მეორე გოლი გაიტანა და გამარჯვება მოუტანა „ცრვენა ზვეზდას“, რომელმაც სერბეთის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით აზაროვის კლუბი სერბეთის რეკორდსმენია – გუნდი 12-ჯერ იყო იუგოსლავიის თასის გამარჯვებული, ცხრაჯერ – სერბეთისა და მონტენეგროს თასის მფლობელი, ხოლო სერბეთის თასს მეექვსედ დაეუფლა.

ირაკლი აზაროვმა „ცრვენა ზვეზდას“ შემადგენლობაში პირველივე სეზონი დუბლით დაასრულა – ბელგრადელები ჯერ სერბეთის ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი თასიც მოიპოვეს.