ირაკლი აზაროვის კლუბმა რეკორდი დაამყარა - „ცრვენა ზვეზდა“ 559 დღეა არ დამარცხებულა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის კლუბმა რეკორდი დაამყარა - „ცრვენა ზვეზდა“ 559 დღეა არ დამარცხებულა #1TVSPORT

ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ სერბეთის სუპერლიგის ბოლო 58 მატჩში არ დამარცხებულა, რაც კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდი და საუკეთესო შედეგია.

„წითელ-თეთრებმა“ სერბეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში „ვოზდოვაცი“ 2:0 დაამარცხეს და სუპერლიგაში 559 დღეა თამაში არ წაუგიათ. „ცრვენა ზვეზდამ“ უმაღლეს დივიზიონში ბოლო მატჩი 2021 წლის 27 ოქტომბერს სურდულიცას „რადნიჩკისთან“ წააგო (1:2). მას შემდეგ კლუბმა 51 თამაში მოიგო და შვიდი ფრედ დაასრულა, გოლების სხვაობით 156:26.

აღსანიშნავია, რომ ამ თაობამ ჩემპიონის ტიტული კლუბის ისტორიაში ყველაზე ადრე მოიგო.

„ჩემპიონობა ზედიზედ მეექვსედ მოვიპოვეთ, ახლა კლუბის ისტორიაში ტიტულის ყველაზე დამაჯერებელი სხვაობით მოგებასთან ახლოს ვართ. „მარაკანაზე“ (კლუბის საშინაო არენა) ლიგაში 111-მატჩიანი წაუგებელი სერია აჩვენებს, რომ ეს თაობა რეკორდების დასამყარებლად მზად არის“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

აქამდე ჩემპიონატში „ცრვენა ზვეზდას“ ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია 2017 წლის 14 ოქტომბრიდან 2019 წლის 20 აპრილამდე გაგრძელდა, ანუ 57 მატჩი. სერბეთის მიმდინარე ჩემპიონატში „ცრვენა ზვეზდა“ 92 ქულით დამაჯერებულად ლიდერობს და ტიტული დიდი ხანია გაინაღდა.

ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდაში“ 2022 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა.