მოურინიომ დისკვალიფიკაციის შემდეგ დატოვა უეფა-ს საკონსულტაციო საბჭო #1TVSPORT
მოურინიომ დისკვალიფიკაციის შემდეგ დატოვა უეფა-ს საკონსულტაციო საბჭო #1TVSPORT

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გამოაცხადა, რომ ტოვებს უეფა-ს საკონსულტაციო საბჭოს მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ევროთასებზე 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მოურინიომ შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნა საბჭოს ხელმძღვანელს, ზვონიმირ ბობანს.

„მადლიერი ვარ უეფა-ს საფეხბურთო საბჭოში მიწვევის გამო, მაგრამ ამავდროულად მწუხარებით ვიტყობინები, რომ უარს ვამბობ ამ ჯგუფში ჩემს წევრობაზე. ის პირობები, რომლებისაც მე ძალიან მჯეროდა, როცა საბჭოს შემადგენლობაში შევდიოდი, აღარ არსებობს და იძულებული ვარ, ამგვარი გადაწყვეტილება მივიღო“, – დაწერა პორტუგალიელმა.

ჟოზე მოურინიომ ევროთასებზე ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯს ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ „სევილიასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მოურინიო „პუშკას არენას“ სტადიონის პარკინგზე დაუდარაჯდა ინგლისელ არბიტრს, ენტონი ტეილორს და ასეთი სიტყვებით მიმართა მას: „რა სირცხვილია, სამარცხვინო ხართ“.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მსაჯი ესპანელი იყო და დაამატა: „იმედია, ეს მსაჯი დარჩება ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც დაკავებული იქნება ამ სისულელეებით და ჩვენ დაგვანებებს თავს ევროპის ლიგაზე“.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „რომას“ ფანები ტეილორსა და მისი ოჯახის წევრებს აეროპორტში დაესხნენ თავს და მათ სკამი ესროლეს.