„აჩუქე წიგნი“ – წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაწყებულ კამპანიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ შეუერთდა. ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები #2 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.
ქუთაისის #2 დაწესებულებას საჩუქრად გადაეცა შემეცნებით-საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა. მათ შორისაა როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოსი ავტორების მოთხრობების მრავალტომეული კრებული, სათავგადასავლო ლიტერატურა და ენციკლოპედია.
ცენტრის დირექტორი ლადო ჯავახიშვილი დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებსაც შეხვდა და წიგნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა; გარდა ამისა, არასრულწლოვნებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის სერვისების შესახებ.
ლადო ჯავახიშვილის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალფეროვან და განახლებულ ბიბლიოთეკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესში, რადგან წიგნი არა მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის მიღების, არამედ დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა.
კამპანია „აჩუქე წიგნი“ 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა.