ეროვნულ არქივთან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი ყოფილი თანამშრომელი აქციას მართავს
ეროვნულ არქივთან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი ყოფილი თანამშრომელი აქციას მართავს

ეროვნული არქივის შენობასთან იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი ყოფილი თანამშრომელი აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები, ანი სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს უკანონოდ გაათავისუფლეს და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ დრომდე სამსახურში არ აღადგინეს.

„ჩვენ 2014 წელს პირადად თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით გაგვათავისუფლეს. ვიჩივლეთ სასამართლოში და მოვიგეთ ყველა ინსტანცია. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ დრომდე სამსახურში არ აღგვადგინეს. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზეზი“, – განაცხადა სუბელიანმა.

31 იანვარს საია-მ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

საია-ს ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წელს ცენტრიდან ორი თანამშრომლის, თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და დაკმაყოფილდა მოთხოვნა აღნიშნული პირების თანამდებობებზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რომელიც ორივე მათგანის შემთხვევაში, ჯამში დაახლოებით 150 ათას ლარს შეადგენს.