გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ქურდული სამყაროს წევრი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განმარტა.
შს მინისტრის თქმით, კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული ძალიან დიდ რისკებს შეიცავს და ქვეყნის განვითარებას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით აფერხებს. მსგავსი პრობლემების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად გიორგი გახარიას ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა მიაჩნია.
„ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორგანიზებული დანაშაული ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ, სწორედ ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დღეს მუშაობს, იყო შექმნილი 2005 წელს, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გამოწვევები უფრო სხვა ხარისხის არის, შეიცვალა ბევრი რამ ტექნოლოგიურ დონეზეც, შეიცვალა ბევრი რამ სასამართლო სისტემის დონეზეც, ამიტომ ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა იყო შესაცვლელი.
რა არის ამ ცვლილების ძირითადი მიმართულება, გარდა იმისა რომ კონკრეტული დანაშაულებისთვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, გარდა ამისა, ჩნდება ახალი ცნებები, როგორიც არის ქურდულ სამყაროსთან მიმართვა, ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე არის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის, თუმცა არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეც, იმ შემთხვევაში, თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომელიც საჭიროა ამ გამოწვევის, პირველ რიგში, ორგანიზებული დანაშაულის გამოწვევის საპასუხოდ და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენი მიზანი არის წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ ორგანიზებული დანაშაული უნდა დავამარცხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.
საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის.