დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს მხრიდან მიიღეს ინფორმაცია კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, მიღებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; ასევე განიხილეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც სავაჭრო სექტორის ჩართულობა და მზაობა იმისა, რომ არსებული ხარვეზები, რაც ფიქსირდება, კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება გაძლიერებულია. სააგენტომ საწვავის ბაზრის მოკვლევის შედეგები უკვე გამოაქვეყნა. უახლოეს მომავალში გავასაჯაროებთ საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს, რომელიც, ვფიქრობთ, დაგეგმილ რეფორმებზე პოზიტიურად იმოქმედებს. ასევე, წლის ბოლომდე დასრულდება ფარმაციის ბაზარზე მოკვლევების შედეგები. მადლობა დამსაქმებელთა ასოციაციას, წევრ კომპანიებს შეხვედრისთვის. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ყოველთვის მზად არის, აქტიური დიალოგის ფორმატში ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან და მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს უპასუხოს. განიხილოს დაგეგმილი და უკვე განხორციელებული რეფორმები, გამოწვევები, რაც აღნიშნულ სექტორშია“, – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ წევრი კომპანიების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ როგორც კონკურენციის, ისე მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით იგეგმება სიახლეები, რომლებიც გავლენას მოახდენს ბიზნესსექტორის საქმიანობაზე. დღეს გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ წევრი კომპანიების ინფორმირებას, რათა მომზადებული შეხვდნენ მოსალოდნელ ცვლილებებს. ამასთან, გვსურს, პატივისცემა გამოვხატოთ კონკურენციის სააგენტოს მიმართ ბიზნესსექტორთან მათი აქტიური კომუნიკაციის გამო“, – განაცხადა ელგუჯა მელაძემ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეხვედრაში, რომელსაც 50-მდე მონაწილე ესწრებოდა, აქტიურად იყო წარმოდგენილი საცალო ვაჭრობის, მედიკამენტებით ვაჭრობის, წარმოებისა და ტელეკომუნიკაციის სექტორები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც კომპანიებმა მათთვის საინტერესო და პრობლემური საკითხების შესახებ კომპეტენტური პასუხები მიიღეს.