დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის შთამომავლებმა ირაკლი კობახიძეს კარლო ჩხეიძის დიპლომატიურ პასპორტი გადასცეს
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის შთამომავლებმა ირაკლი კობახიძეს კარლო ჩხეიძის დიპლომატიურ პასპორტი გადასცეს

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის შთამომავლებმა მირიან და ელენე მელუებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ნიკოლოზ ჩხეიძის დიპლომატიურ პასპორტი გადასცეს.

„ჩვენთვის ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და ემოციური წუთები. გადავეცით კარლო ჩხეიძის დიპლომატიური პასპორტი და მისი დიპლომატიური დოკუმენტი. მიგვაჩნია, რომ დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ოჯახში ინახებოდა, საქართველოს ეკუთვნის. ეს გახლავთ ის დიპლომატიური პასპორტი, რომლითაც კარლო ჩხეიძე მსოფლიოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დადიოდა და ცდილობდა, მიეღწია საქართველოს აღიარებისთვის. 1919 წლიდან 1921 წლამდე პირველი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1921-1924 წლებში ყველაფერს აკეთებდა, რომ ერთა ლიგის ფარგლებში და პარტნიორი ქვეყნების საზღვრებში მისი ცნობადობა გაეზარდა. კარლო ჩხეიძე არის ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი, რომელიც სახელმწიფო მოღვაწედ ითვლება და მას უნდა იცნობდეს საქართველო”, – განაცხადა მირიამ მელუამ.

ირაკლი კობახიძემ კარლო ჩხეიძის შთამომავლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის დიპლომატიური პასპორტი საქართველოს ნამდვილი საგანძურია.

„კარლო ჩხეიძის ოჯახის წევრებთან შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი იყო. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ღვაწლი, რომელიც მიუძღვის კარლო ჩხეიძეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და საქართველოს წინაშე. მადლობა უნდა გადავუხადოთ მის ოჯახს დიპლომატიური პასპორტის გადმოცემისთვის. ეს არის ჩვენთვის ნამდვილად საგანძური, რომელიც გამოიფინება საქართველოს პარლამენტში და ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.