დალია გრიბაუსკაიტე - თუ ლიეტუვა თავდაცვისთვის არ მოემზადება, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის რისკი საკმაოდ მაღალი იქნება
თუ ლიეტუვა თავდაცვისთვის არ მოემზადება, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის რისკი საკმაოდ მაღალი იქნება, – ასეთი განცხადება გააკეთა ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუში.
გერმანულ გამოცემასთან საუბრის დროს გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ლიეტუველი ახალგაზრდები ქვეყნის დასაცავად მზად არიან.
„თუ ვაჩვენებთ, რომ გვსურს და შეგვიძლია საკუთარი ქვეყნის დაცვა, თავს აღარავის დაგვესხმება. ჩვენ აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად და ტექნოლოგიურად. რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები იმყოფებიან ბალტიისპირეთისა და პოლონეთის საზღვრებთან და ისინი ნატო-ს ჯარზე ათჯერ უფრო ძლიერები არიან“,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ამასთან, დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებს. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, როდესაც საქმე პირადად მათ ეხებათ, მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების ინტერესებში ერევა.