საქართველო არათუ სამიტიდან სამიტამდე, არამედ ყოველდღიურად უახლოვდება ნატო-ს, – ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემა განაცხადა.
როგორც გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, საქართველო არის ნატო-ს ღირებული და ძალიან აქტიური პარტნიორი.
„ვფიქრობ, რომ საქართველო არათუ სამიტიდან სამიტამდე, არამედ ყოველდღიურად უახლოვდება ნატო-ს. მაკედონიაც ასე იყო და უეცრად ყველაფერი ლოგიკური დასასრულამდე მივიდა. მოხდა შეთანხმება სახელზე და ცვლილებების დროც დადგა. ახლა ჩვენ გვყავს ახალი ქვეყანა, ახალი სახელით და ნატო-მ დაპატიჟა ასპირანტი ქვეყანა მოლაპარაკებებზე. საქართველო არის ნატო-ს ღირებული პარტნიორი. უფრო მეტიც, ძალიან აქტიური პარტნიორი“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
გრიბაუსკაიტეს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ძალიან კარგი რეპუტაცია.
„ასე რომ, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა. გამოჩნდება ამ შესაძლებლობების ფანჯარა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.
კითხვა, რაზეა დამოკიდებული პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა, დალია გრიბაუსკაიტე პასუხობს:
„ეს დამოკიდებულია საერთო ვითარებაზე, ეს არ არის დამოკიდებული თქვენზე. ეს უფრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება თქვენს გარშემო, ვიდრე – თქვენზე. თქვენ შესანიშნავი პროგრესი გაქვთ. მე თქვენზე აქ მხოლოდ კარგი მესმის“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა