დალია გრიბაუსკაიტე - საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან შეხვედრა არის დემონსტრირება, რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან ნატო-სთვის
ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან უმაღლეს დონეზე შეხვედრა არის იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან ისინი ორგანიზაციისთვის, – ამის შესახებ პირველ არხს ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ბრიუსელში განუცხადა, სადაც ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა გაიმართება.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ურთიერთობების გაძლიერებასა და კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელებენ.
„ჩვენ დღეს განვიხილავთ შემდგომ თანამშრომლობას, ურთიერთობების გაძლიერებას, მომავალ კავშირებს და ამ კავშირების გაღრმავებას უკრაინასა და საქართველოსთან“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე გუშინ 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ამასთან, სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მოუწოდებენ რუსეთს, მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაიყვანოს ძალები, რომლებიც განათავსა სამ ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე.
ამასთან, სამიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. დღესვე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრა ნატო-საქართველო-უკრაინა გაიმართება.