დახურული #7 პენიტენციური დაწესებულების დათვალიერება მოქალაქეებს ხუთი დღის განმავლობაში შეეძლებათ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს, მიმდინარე კვირის განმავლობაში დაათვალიერონ ყოფილი #7 პენიტენციური დაწესებულება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების დათვალიერება შესაძლებელი იქნება 6 ივლისის ჩათვლით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
„ყოფილი #7 დაწესებულების დასათვალიერებლად საჭირო იქნება სპეციალური ნებართვა, რომლის ასაღებადაც უნდა მოგვმართოთ მისამართზე: ზურაბ ანჯაფარიძის 27; ტელ. 995 32 23 12 734, [email protected]“, – აცხადებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა #7 პენიტენციური დაწესებულება დღეს ოფიციალურად დახურა.