დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს იერიში არის თავდასხმის პირველი ფაზა და წარმოადგენს პასუხს 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე.
თავის მხრივ, ისრაელში განაცხადეს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე იყო ის ადგილები, საიდანაც „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში მომდევნო 48 საათით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ მხრიდან თავდასხმა კიდევ მოსალოდნელია. ამ წუთებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო თათბირი იმართება.