დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან რამდენიმე საკითხზე ზავის მიღწევასთან ახლოს არიან
დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ზავის მიღწევასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ნათქვამია „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებაში, რომელიც სააგენტო „როიტერს“ მისმა თანაშემწემ გადასცა.
ჰანიეს განცხადების თანახმად, „ჰამასი“ ახლოს არის ისრაელთან ზავის შეთანხმების მიღწევასთან და კატარელ შუამავლებს თავისი პასუხი უკვე გადასცა.
„როიტერთან“ გაკეთებული განცხადება შეთანხმების სხვა დეტალებს არ შეიცავს, თუმცა დაჯგუფების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები ეხება ზავის ხანგრძლივობას, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების ისრაელში მყოფ პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას.
არსებული ცნობებით, იგეგმება ქალებისა და ბავშვების გაცვლა. შეთანხმების დეტალებს კატარი გამოაცხადებს, რომელიც მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.
ისრაელის ხელისუფლებას კატარის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა: „„ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს“.