საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში, ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ისეთი მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ დაგროვებითი პენსიის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კანონის პროექტი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
ნიკოლოზ გაგუას თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად. საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.
„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ: თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს – თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს – ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი, როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.
საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გაითვალისწინებს საინვესტიციო ინსტრუმენტების ლიკვიდურობისა და ხარისხობრივი მახასიათებლების მაღალ სტანდარტებს, ისევე, როგორც დივერსიფიცირებულობის და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.
დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება დაგეგმილია 2018 წლის მე-3 კვარტლიდან.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, „საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისათვის, აგრეთვე კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. რაც ყველაზე საგულისხმოა, საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაბამის დროს ღირსეული პენსიის მიღების შესაძლებლობა ექნებათ“. მისი თქმით, კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ არსებული საბაზისო პენსიის გაუქმებას არ ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.
საპენსიო რეფორმაზე, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებისა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით მომზადდა. კანონის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა დონორების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID G4G, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო) აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მათ მხარდაჭერას რეფორმის განხორციელების პროცესში.