დაღესტანში თავდასხმების შემდეგ მახაჩყალის მერმა საგანგებო სხდომა გამართა
დაღესტანში თავდასხმების შემდეგ მახაჩყალის მერმა საგანგებო სხდომა გამართა

დაღესტანში თავდასხმების შემდეგ მახაჩყალის მერმა, იუსუპ უმავოვმა საგანგებო სხდომა გამართა.

მედიის ცნობით, უმავოვმა ხაზი გაუსვა უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობას და ოფიციალურ პირებს საზოგადოებისთვის საგანგებო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

„შესაბამისმა სამსახურებმა და სამართალდამცავმა უწყებებმა სწრაფად იმუშავეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გვაქვს დანაკარგები. ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ ყველა საჭირო ზომას, რომელიც მიზნად ისახავს მართლწესრიგის აღდგენას“, – განაცხადა უმავოვმა.

შეგახსენებთ, თავდასხმა ქალაქ დერბენტში მდებარე ეკლესიასა და სინაგოგაში განხორციელდა, ასევე ქალაქ მახაჩყალაში მდებარე სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებაზე. ქალაქები ერთმანეთისგან დაახლოებით 120 კილომეტრითაა დაშორებული.

ეჭვმიტანილთა ნაწილი ავტომობილით მიიმალა. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის ხელმძღვანელი მაგომედ ომაროვი ქალაქ მახაჩყალასა და დერბენტში განხორციელებულ თავდასხმაში მისი ვაჟების შესაძლო მონაწილეობის გამო დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.