დაფიქსირებულია შავი ხვრელი, რომელმაც შთანთქმული მატერია ორჯერ ამოანთხია - პირველად ისტორიაში
21:04, 16.01.2018
შავი ხვრელები მუდმივად როდი სხედან და უბრალოდ „ნადიმობენ“ გარშემო არსებული მატერიით. თანდათანობით, ისინი გამოლევენ ახლომდებარე მატერიას, წყნარდებიან და ჩასაფრებული იცდიან, სანამ რომელიმე უპატრონო გაზი მიუახლოვდება.
ამის შემდეგ, შავი ხვრელი კვლავ მხეცდება, იწყებს ხარბად შთანთქმას და გადმოანთხევს ნაწილაკთა გიგანტურ ნაკადს. ახლახან, პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა დააფიქსირეს შავი ხვრელი, რომელმაც ეს უკვე მეორედ ჩაიდინა.
100 000-წლიანი დროის შუალედით მომხდარი ორი გადმონთხევა ადასტურებს, რომ სუპერმასიურ შავ ხვრელებს ახასიათებთ მიძინებისა და აქტივობის ციკლები.
ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის ანომალიური, რადგან შავი ხვრელები არც ცოცხლები არიან და არც მგრძნობიარე, მაგრამ საკმაოდ მეტაფორულია ის გზა, რომლითაც ისინი მატერიას შთანთქავენ, უზრმაზარი გრავიტაციის საშუალებით.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობდით, რომ შავი ხვრელიდან უკან ამოსვლა არაფერს შეეძლო; საკვირველი ისაა, რომ ისინი ყველაფერს ვერ ინარჩუნებენ, რასაც დაიჭერენ.
მატერიის, მაგალითად ვარსკვლავთა გაზის მოხმარებისას, ისინი ასევე წარმოქმნიან მაღალენერგიული ნაწილაკების გამომავალ ნაკადს, მაგრამ მხოლოდ მოვლენათა ჰორიზონტის სიახლოვეს და არა იმ წერტილს მიღმა, საიდან გაქცევაც არაფერს ძალუძს.
„შავი ხვრელები გაუმაძღარი მჭამელები არიან, მაგრამ როგორც ჩანს, სუფრასთან ისინი არც თუ ისე კარგი მანერებით გამოირჩევიან“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯული კომერფორდი.
„ჩვენთვის ცნობილია ბევრი მაგალითი, როცა შავი ხვრელები მხოლოდ ერთხელ ამოანთხევენ, მაგრამ აღმოვაჩინეთ გალაქტიკა, რომლის სუპერმასიურმა შავმა ხვრელმაც არა ერთხელ, არამედ ორჯერ ამოანთხია“.
ეს გახლავთ გალაქტიკა SDSS J1354+1327-ის ცენტრში მოთავსებული სუპერმასიური მხეცი. მდებარეობს დედამიწიდან 800 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მონაცემებში აჩვენებს ძალიან კაშკაშა რენტგენულ გამოსხივებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ჩვენს მზეზე მილიონობით ან მილიარდობით უფრო მასიურია.
მკვლევართა ჯგუფმა ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მონაცემები შეადარა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ სინათლის ხილულ დიაპაზონში გადაღებულ ფოტოებს და აღმოაჩინა, რომ შავი ხვრელი გარშემორტყმულია გაზისა და მტვრის სქელი ღრუბლით.
„ვხედავთ, რომ ეს ობიექტი ნადიმობს, შემდეგ ამოანთხევს, შემდეგ თვლემს, ამის მერე კი კვლავ ჭამას და ამონთხევას იწყებს, რასაც თეორიაც პროგნოზირებდა. საბედნიეროდ, ამ გალაქტიკას ვაკვირდებით სწორედ მაშინ, როდესაც თვალნათლივ შეგვიძლია ამ ორივე მოვლენის მტკიცებულებებზე დაკვირვება“, — ამბობს კომერფორდი.
ეს მტკიცებულება შედგება გაზის ორი ბუშტისგან — ერთი შავი ხვრელის მაღლა, მეორე კი დაბლა, სადილობის შემდეგ გადმოყრილი ნაწილაკები. მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ეს ორი ბუშტი სხვადასხვა დროსაა წარმოქმნილი.
სამხრეთი ბუშტი გადაჭიმულია გალაქტიკის ცენტრიდან 30 000 სინათლის წლის მანძილზე, ჩრდილოეთი ბუშტი კი მხოლოდ 3000 სინათლის წლის მანძილზე. მათ ფერმის ბუშტებს უწოდებენ და როგორც წესი, წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც შავი ხვრელი გამოიკვებება.
ბუშტების მოძრაობის სიჩქარეზე დაყრდნობით, ჯგუფმა განსაზღვრა, რომ ისინი წარმოქმნილია დროის 100 000 წლიანი შუალედით.
საინტერესოა, რა იწვევს შავი ხვრელის ჭამის შემდეგ მომნელებელი სისტემის ასეთ ეპიკურ აშილილობას? — სხვა გალაქტიკა. J1354 შეჯახებულია სხვა გალაქტიკასთან, რომელთანაც დაკავშირებულია ვარსკვლავებისა და გაზის ნაკადებით. სწორედ ამ მეორე გალაქტიკის მატერიის გროვები მიემართება შავი ხვრელისაკენ, რასაც ის ხარბად სანსლავს.
„დავადგინეთ, რომ გალაქტიკის ჩრდილოეთ ნაწილის გაზი თანხვედრაში მოდიოდა შოკური ტალღის გაფართოებად კიდესთან, სამხრეთის გაზი კი ეთავსებოდა შავი ხვრელიდან უფრო ადრე გამოსულ ნაკადს“, — ამბობს დოქტორანტი სტუდენტი რებეკა ნევინი.
ფერმის ბუშტები ირმის ნახტომსაც აქვს, რაც გამოწვეულია მის ცენტრში მოთავსებული სუპერმასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ს კვების შედეგად. და როგორც გალაქტიკა J1354-ის შავი ხვრელი იკვებება, ამოანთხევს და იძინებს, ასტრონომებს სჯერათ, რომ მშვილდოსანი A*-ც გაიღვიძებს და კვლავ ჭამას დაიწყებს.
კვლევის შედეგები ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 231-ე შეხვედრაზე წარმოადგინეს; ასევე გამოქვეყნდა The Astrophysical Journal-ში.
მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით