დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა მეორე, ეპიკური შეჯახება
18:37, 13.01.2020
გრავიტაციული ტალღების მკვლევრებმა ეს კვლავ შეძლეს — დააფიქსირეს შეჯახება ორ ნეიტრონულ ვარსკვლავს შორის. 2019 წლის 525 აპრილს, ინტერფერომეტრმა LIGO-მ დააფიქსირა, როგორ შეერწყა ერთმანეთს და ერთ ობიექტად იქცა ჩვენგან 520 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ორი ნეიტრონული ვარსკვლავი.
მას GW190425-ს უწოდებენ და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეორე ასეთი შეჯახებაა, რომლის აღმოჩენაც ასტრონომებმა ამ დრომდე შეძლეს, უკვე საკმაოდ აფართოებს ჩვენს წარმოდგენას ამ კოლოსალური კოსმოსური შეჯახებების შესახებ.
როგორც მეცნიერები კვლევაში წერენ, GW190425-ის წყარო წარმოადგენს აქამდე აღმოუჩენელი ტიპის ასტროფიზიკური სისტემა.
მაასტრიხტის უნივერსიტეტის ფიზიკოსის, ჯო ვან დენ ბრანდის განცხადებით, მათ დააფიქსირეს მეორე შეჯახება, რომელიც ასევე ბინარული ნეიტრონული ვარსკვლავის სისტემაში მოხდა და ნათლად ადასტურებს 2017 წლის აგვისტოს აღმოჩენას.
თუმცა, ამ ორ მოვლენას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.
ნეიტრონულ ვარსკვლავთა პირველი შეჯახებისგან (უწოდებენ GW170817-ს) განსხვავებით, სისტემა GW190425-ის ვარსკვლავთა შეჯახებისას სინათლე არ დაფიქსირებულა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის ძალიან შორსაა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ამ მოვლენის დაფიქსირებისას LIGO-ს ერთ-ერთი დეტექტორი გათიშული იყო; სიგნალი კი საკმაოდ სუსტი იყო, რათა Virgo-ს დეტექტორს დაეფიქსირებინა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმოუდგენლად რთული იყო სიგნალის წარმოშობის წერტილის გარკვევა. ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა მაინც შეძლო იმ რეგიონის დადგენა, საიდანაც შეიძლება, რომ სიგნალი ყოფილიყო წამოსული — მონაკვეთი, რომელიც ღამის ცის დაახლოებით 20 პროცენტს იკავებს.
მიუხედავად ოპტიკური მონაცემების არქონისა, გრავიტაციული ტალღების სიგნალის გაშიფვრით შესაძლებელია გაირკვეს შეჯახებული ობიექტების მასა, მიმართულება და ბრუნვის მაჩვენებელი.
სწორედ აქ ელოდათ ასტრონომებს დიდი სიურპრიზი. მონაცემების საფუძველზე, ჯგუფმა დაადგინა, რომ ბინარული სისტემის ერთ-ერთი ნეიტრონული ვარსკვლავის მასა ჩვენი მზისას მხოლოდ 1,4-ჯერ აღემატებოდა, მეორისა კი 2-ჯერ.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ფიზიკოსის, სუზან სკოტის განცხადებით, ისინი გაოცებული დარჩნენ ამ ნეიტრონულ ვარსკვლავთა სისტემის საერთო მასით, რაც მზის მასას მხოლოდ 3,4-ჯერ აჭარბებს; ეს მაჩვენებელი კი მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენს გალაქტიკაში აღმოჩენილ ბინარულ ნეიტრონულ ვარსკვლავთა მასას.
მისივე თქმით, ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ აქამდე აღმოჩენილი ძველი ბინარული სისტემები ირმის ნახტომში აღმოჩენილთაგან განსხვავებულად არის წარმოქმნილი.
2017 წელს აღმოჩენილ შეჯახებაში მონაწილე ორი ნეიტრონული ვარსკვლავიდან ერთის მასა მზისას 1,1-ჯერ აჭარბებდა, მეორისა კი 1,6-ჯერ და ჯამში დაახლოებით 2,7 მზის მასა ჰქონდა.
მასების შესადარებლად, ასტრონომებმა გამოავლინეს ირმის ნახტომში არსებული 17 ბინარული ნეიტრონული ვარსკვლავის სისტემა. მათ შორის, ყველაზე დიდის მთლიანი მასა მზის მასას 2,9-ჯერ აღემატება.
ეს კი ასტრონომებს შეიძლება დაეხმაროს იმის განსაზღვრაში, როგორ წარმოიქმნება ბინარული ნეიტრონული ვარსკვლავები. არსებობს ორი შესაძლებლობა — იბადება ორი მასიური ვარსკვლავი, რომლებიც ცოცხლობენ და კვდებიან ერთდროულად; ან ისინი ერთმანეთს ორბიტაზე მოგვიანებით იჭერენ. უცნობია, რომელი სცენარით დაიბადა GW190425 სისტემა, მაგრამ გარკვეული ცნობა შეიძლება მოგვაწოდოს მოდელირებამ.
უკიდურესად საინტერესოა ობიექტიც, რომელიც GW190425-ის შეჯახების შედეგად უნდა წარმოქმნილიყო, რადგან ის თავსდება ნეიტრონული ვარსკვლავისა და შავი ხვრელის მასებს შორის არსებულ მონაკვეთში.
ნეიტრონული ვარსკვლავებიც და შავი ხვრელებიც მკვდარ ვარსკვლავთა ულტრამკვრივი ნარჩენებია, მაგრამ ამ დრომდე არასოდეს გვინახავს 5 მზის მასაზე პატარა მასის მქონე შავი ხვრელი და მზეზე 2,5-ჯერ მეტი მასის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავი.
ჯერ არ ვიცით, GW190425-ის შეჯახების შედეგად პატარა შავი ხვრელი გაჩნდა თუ დიდი ნეიტრონული ვარსკვლავი. ასევე უცნობია, 2017 წლის შეჯახებისას (GW170817) გაჩენილი ობიექტის შესახებაც.
შედეგები ჯგუფმა ჰავაიზე, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 235-ე შეხვედრაზე წარმოადგინა.
მომზადებულია anu.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.