ირმის ნახტომში მდებარე მაგნეტარმა, სახელად SGR 1935+2154, შეიძლება, უდიდესი წვლილი შეიტანოს ღრმა კოსმოსიდან მომდინარე უმძლავრესი რადიოსიგნალების საიდუმლოს ამოხსნაში; ეს სიგნალები კი, უკვე წლებია, ასტრონომებს თავგზას უბნევს.
2020 წლის 28 აპრილს, ჩვენგან 30 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ამ მკვდარ ვარსკვლავზე დაკვირვებისას, მსოფლიოს რამდენიმე რადიოობესრვატორიამ ჩაიწერა წარმოუდგენლად კაშკაშა რადიოტალღების ერთი, მილიწამის ხანგრძლივობის ანთება, რომელის დაფიქსირებაც სხვა გალაქტიკიდანაც იქნებოდა შესაძლებელი.
გარდა ამისა, მიწისპირა და კოსმოსურმა რენტგენულმა ობსერვატორიებმა ასევე ჩაიწერეს ძალიან კაშკაშა რენტგენული ანთებაც.
ამ მოვლენის კვლევას ასტრონომები ახლა იწყებენ, თუმცა როგორც ჩანს, მრავალი მათგანი უკვე თანხმდება, რომ მან შეიძლება, საბოლოოდ გვაპოვნინოს სწრაფ რადიოსიგნალთა (FRB) წყარო.
„მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სწრაფი რადიოსიგნალები მაგნეტარებიდან მოდის“, — უთხრა ScienceAlert-ს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა შრინივას კულკარნიმ, მკვლევართა იმ ერთ-ერთი ჯგუფის წევრმა, რომელმაც ეს სიგნალი ასევე დააფიქსირა.
სწრაფი რადიოსიგნალები კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი საიდუმლოა. წარმოადგენს უკიდურესად მძლავრ რადიოსიგნალებს, რომლებიც ღრმა კოსმოსიდან მოდის, ჩვენგან მილიონობით და მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკებიდან და ზოგიერთი მათგანის ენერგია 500 მილიონი მზისას უდრის. თუმცა, მათი ხანგრძლივობა მხოლოდ თვალის დახამხამებაა, სულ რაღაც მილიწამები; ამასთან, მათი უმეტესობა არ მეორდება, რაც წარმოუდგენლად ართულებს ამ სიგნალების პროგნოზირებას, კვალის მიყოლას და შესაბამისად, შესწავლას.
პოტენციური ახსნები მერყეობს სუპერნოვებიდან არამიწიერ ცივილიზაციებამდე. თუმცა, მეცნიერთა უმეტესობის აზრით, სწრაფი რადიოსიგნალები მაგნერატარების მიერ არის წარმოქმნილი.
მაგნეტარი არის ნეიტრონული ვარსკვლავის განსაკუთრებით უცნაური ტიპი. თავის მხრივ, ნეიტრონული ვარსკვლავი წარმოადგენს მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქების შედეგ დარჩენილი მკვდარი ბირთვის ნარჩენებს. ჩვეულებრივ ნეიტრონული ვარსკვლავებთან შედარებით, მაგნეტარების მაგნიტური ველები გაცილებით მძლავრია, დაახლოებით 1000-ჯერ ძლიერი. ამის მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ მას ნამდვილად საინტერესო ეფექტი აქვს თავად ვარსკვლავზე.
რადგან გრავიტაციული ძალა ვარსკვლავის მთლიანობის შენარჩუნებას ცდილობს (ცენტრიდანული ძალა), მაგნიტური ველი იმდენად ძლიერია, რომ , ამ დროს მახინჯდება ვარსკვლავის ფორმა. კულკარნის განმარტებით, ამის შედეგად წარმოიქმნება დაძაბულობა ამ ორ ძალას შორის, რაც ხანდახან წარმოქმნის უზარმაზარ ვარსკვლავძვრებს (მიწისძვრის ანალოგი) და გიგანტურ მაგნეტარულ ანთებებს.
2020 წლის 27 აპრილს, მაგნეტარ SGR 1935+2154-ზე ამოფრქვევის აქტივობა შენიშნეს, რაზე დაკვირვებაც მეცნიერებმა მრავალი სხვადასხვა ინსტრუმენტით დაიწყეს; მათ შორის იყო ტელესკოპი Swift Burst Alert-ი, თანამგზავრი AGILE და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე განთავსებული ნეიტრონულ ვარსკვლავთა წიაღის შემადგენლობის კვლევის ინსტრუმენტი NICER-ი. თავიდან მაგნეტარი საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, სხვა მაგნეტარებში დაკვირვებული ქცევის მსგავსად.
თუმცა, 28 აპრილს, კანადურმა ტელესკოპმა CHIME-მ, რომელიც ცაში მომხდარ გარდამავალ, დროებით მოვლენებს ეძებს, უპრეცედენტო რამ დააფიქსირა — იმდენად მძლავრი სიგნალი, რომ სისტემამ მისი სიმძლავრის დადგენაც კი ვერ შეძლო.
მოვლენას აკვირდებოდა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინსტრუმენტი STARE2-იც, რომელიც სპეციალურად ადგილობრივ სწრაფ რადიოსიგნალთა დასაფიქსირებლად არის შექმნილი. შედგება სამი დიპოლური რადიოანტენისგან, რომლებიც ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ხელსაწყოს შეუძლია განსაზღვროს, არის თუ არა სიგნალი ადამიანთა საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი და ამავე დროს, მიჰყვეს სიგნალის ტრიანგულაციას.
მან საკმაოდ ხმამაღალი და მკაფიო სიგნალი მიიღო, მილიწამში მილიონზე მეტი იანსკის (რადიოგამოსხივების ნაკადის სიმჭიდროვის ერთეული) ოდენობით. როგორც წესი, აქამდე დაფიქსირებულ, გალაქტიკის გარედან მოსულ სწრაფ რადიოსიგნალებს (FRB) მილიწამებში რამდენიმე ათეულ იანსკიზე ვიღებთ. მას შემდეგ, რაც განისაზღვრა მანძილიც, გაირკვა, რომ FRB-ს ენერგიის დაბალი დაბოლოება მაგნეტარი SGR 1935+2154 უნდა იყოს.
„იგივე სიგნალი რომ სხვა ახლომდებარე გალაქტიკიდან მოსულიყო, ტიპური FRB გალაქტიკებიდან მოსულთა მსგავსად, ჩვენთვის ის ნამდვილად FRB-ს მსგავსი იქნბოდა. ამ დრომდე მსგავსი არაფერი გვინახავს“, — ამბობს კულკარნი.
თუმცა, ამავე დროს ვიხილეთ რაღაც ისეთიც, როგორიც არასოდეს გვინახავს სხვა ექსტრაგალაქტიკურ სწრაფ რადიოსიგნალებში — სიგნალის რენტგენული ორეული. ეს კი საკმაოდ დამახასიათებელია მაგნეტარების ამოფრქვევებისთვის. უფრო მეტიც, მაგნეტარებისთვის რენტგენული და გამა სხივების გამოყოფა უფროა დამახასიათებელი, ვიდრე რადიოტალღების.
იტალიის ასტროფიზიკის როვნული ინსტიტუტის ასტროფიზიკოს სანდრო მერეგეტის განცხადებით, SGR 1935+2154-ის ანთების რენტგენული ორეული არ ყოფილა განსაკუთრებით მძლავრი ან უჩვეულო, მაგრამ შეიძლება ის მიგვანიშნებდეს, რომ იმაზე გაცილებით მეტი სწრაფი რადიოსიგნალი არსებობს, ვიდრე მათი დაფიქსირება ჩვენ ამჟამად შეგვიძლია.
„შედეგი ძალიან დამაინტრიგებელია და მხარს უჭერს კავშირს სწრაფ რადიოსიგნალებსა და მაგნეტარებს შორის“, — უთხრა მერეგეტიმ ScienceAlert-ს.
მისივე თქმით, ამ დრომდე გამოვლენილი გვქონდა მხოლოდ გალაქტიკის გარედან მოსული სწრაფი რადიოსიგნალები და ისინი არასოდეს დაგვიფიქსირებია რენტგენულ ან გამა სხივებში. SGR1935-ის მსგავსი რენტგენული ანთება ექსტრაგალაქტიკურ წყაროში შეუძლებელიც იქნებოდა.
მკვლევართა მიერ ახლა დაფიქსირებული რადიოსიგნალი უდავოა. როგორც კულკარნი აღნიშნავს, მაგნეტარისთვის აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო დიდი ამოფრქვევაც წარმოქნას. SGR 1935+2154-ის ანთება არ მოითხოვს მაგნეტარისთვის ბევრ ენერგიას და ვარსკვლავს ადვილად შეუძლია ათასობით უფრო ძლიერი ანთებაც წარმოქმნას.
ვითარება საკმაოდ ჩახლართულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვლევა ჯერ სულ რამდენიმე დღის დაწყებულია. ასტრონომები ვარსკვლავზე დაკვირვებებს ჯერ კიდევ აწარმოებენ, ამჯერად ჩვენს ხელთ არსებული უმძლავრესი ხელსაწყოებით.
გარდა ამისა, ჯერ ჩასატარებელია ანთების სპექტრის ანალიზი, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის გალაქტიკის გარედან მოსული სწრაფი რადიოსიგნალების მსგავსი.
თუ აღმოჩნდა, რომ სწრაფი რადიოსიგნალის წყარო მაგნეტარი SGR 1935+2154 არ არის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიგნალებს ერთადერთი წყარო აქვთ. ზოგიერთი სიგნალი ძალიან განსხვავებულად იქცევა, მეორდება არაპროგნიზირებადად. ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ერთი ასეთი სიგნალი, რომელიც 16-დღიანი ციკლით მეორდება.
რაც არ უნდა გვითხრას საბოლოოდ SGR 1935+2154-მა, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამ უმძლავრეს სიგნალთა მრავალი საიდუმლოს სრულად ამოხსნისგან მაინც შორს ვიქნებით.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.