დადიანების ეზოში ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს
ზუგდიდში, დადიანების ეზოში ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი, გელა კვარაცხელია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, იგი დაკავებულია.
„მე ვარ ზვიად გამსახურდიას მომხრე, მისი გულისთვის მოვკვდები. სანდრას საქართველოში არ გავაჩერებ“, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ, რომელიც სამართალდამცავებმა პოლიციის სამმართველოს შენობაში ხელბორკილებით გადაიყვანეს.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.