დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო, ანაზღაურება 125 ლარით გაეზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დეპარტამენტში ხელფასის მატების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„პირველ ეტაპზე, თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბოლო ერთ წელში საკუთარი სახსრების სწორი განკარგვის შედეგად, ხარჯების დაზოგვით და 2019 წლის დეპარტამენტის ბიუჯეტის ოპტიმიზაციით, 5000-ზე მეტ დაცვის პოლიციელს ხელფასი დაახლოებით 20%-ით მოემატა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ხელფასის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.