დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი დახმარების კურსს გადიან
დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი დახმარების კურსს გადიან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი მოიცავდა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას. ტრენინგი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნეიროქირურგიის და პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებულმა ტრენერმა, კონსტანტინე ჩუტკერაშვილმა ჩაატარა, შედგებოდა როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებისგან, ასევე ფოკუსირებული იყო რეინჯერების სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველადი დახმარების თემატიკაზე და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, საველე პირობებში გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი, სისხლდენის შეჩერება, თავისა და ხერხემლის ტრავმების, მწერისა და ქვეწარმავლის ნაკბენის პირველადი მკურნალობა და დაშავებულის სწორი ტრანსპორტირება.

„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების – სათაფლიისა და პრომეთეს, ასევე მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებსთვის გამართული ტრენინგების ფარგლებში სულ 60 თანამშრომელი გადამზადდა. სწავლების მიზანია, დაცული ტერიტორიების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, ისე ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000 მიაღწია“, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის და მოვალეობების წარმატებით შესრულებას.